Sainz confirmed in all-rookie Toro Rosso line-up
28 ნოემბერი
„ტორო როსოც“ დაკომპლექტდა. ჯერ კიდევ ორი დღის წინ
შეიძლებოდა გვეთქვა, რომ იტალიური გუნდი მეორე პილოტად კარლოს საინს უმცროსს
აირჩევდა, რადგან „რედ ბულის“ ფარმ გუნდმა ჟან-ერიკ ვერნს კარისკენ ოფიციალურად
მიუთითა. დღეს კი ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ჰოლანდიელ თინეიჯერ მაქს ფერსტაპენთან
ერთად, მომავალ სეზონში გუნდის ბოლიდით კიდევ ერთი თინეიჯერი - ესპანელი საინსი იასპარეზებს.
რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, კარლოს საინსის
შვილმა, ამ სეზონში ფორმულა რენო 3.5-ის ტიტული მოიპოვა. ის 2012 წლიდან „რედ
ბულის“ ახალგაზრდული პროგრამის წევრია და მას ფ1-ში გადასვლას შარშანვე უწინასწარმეტყველებდნენ,
თუმცა მაშინ „ტორო როსომ“ რუსი დანილ კვიატი არჩია, რომელიც მომავალ სეზონში უკვე
უფროსი „რედ ბულის“ მანქანით იასპარეზებს. მაშინ საინსებს არც უაქტიურიათ - პატარა
კარლოსმა მისი ასაკისთვის გასაკვირი სიმშვიდე გამოავლინა და განაცხადა, რომ ფ1-ში
ნაადრევად დებიუტს, ფორმულა რენო 3.5-ში გამოცდილების დაგროვება ურჩევნია.
კარლოს საინსი და კარლოს საინს უმცროსი |
„ჯერ კიდევ მაშინ, როცა „რედ ბულის“ ახალგაზრდული
პროგრამის წევრი გავხდი, ფორმულა ერთში გადასვლა ჩემი მიზანი იყო და მინდა, „რედ
ბულს“ მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ასეთი ნდობა გამომიცხადა“, - განაცხადა
საინსმა, რომელმაც ახლახანს აბუ დაბიში „რედ ბულის“ ტესტებში მიიღო მონაწილეობა.
ამის საშუალება მას „რენომ“ მიანიჭა, როგორც ფორმულა რენო 3.5-ის ჩემპიონს.
„შარშან
„ტორო როსოსთან“ ერთად ტესტებში მივიღე მონაწილეობა და გუნდში არსებული ატმოსფერო ძალიან
მომეწონა. სეზონისთვის მზადებისას თავს არ დავზოგავ იმისათვის, რომ გუნდის იმედები
გავამართლო. ძალიან მიხარია, რომ ფ1-ში პირველი ოფიციალური დებიუტი ჩემს ქვეყანაში
მექნება“, - დასძენს საინსი.
No comments:
Post a Comment