Rallying-Ogier takes his second world title
27 ოქტომბერი
ფრანგი სებასტიან ოჟიე ზედიზედ მეორედ გახდა რალიში
მსოფლიოს ჩემპიონი. და ეს მან სეზონის დასრულებამდე ერთი ეტაპით ადრე, ესპანეთის
რალიზე გამარჯვებით მოახერხა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისმა გუნდმა „ფოლკსვაგენმაც“
ზედიზედ მეორე ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდა. ოღონდ, ეს წინა ეტაპზე, ავსტრალიაში შეძლო.
ესპანეთში გამარჯვებით, ოჟიეს უპირატესობა უახლოეს
მდევართან, ფინელ თანაგუნდელ იარი-მატი ლატვალასთან 31 ქულამდე გაიზარდა. დარჩენლ
ეტაპზე მაქსიმუმ 28 ქულის აღებაა (25 გამარჯვებისთვის და 3 ბონუს ქულა სუპერ
სპეცმონაკვეთის მოგებისთვის) შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ლატვალას მეორე
ადგილით დაკმაყოფილება მოუწევს.
უნდა ითქვას, რომ ოჟიეს ასპარეზობის მეორე დღეს
სერიოზული პრობლემა შეექმნა - დაზიანებული ბორბლით 20 კილომეტრის გავლამ მოუწია.
თუმცა ამის მიუხედავად, ლატვალას საბოლოოდ მაინც 11.3 წამით აჯობა და კარიერაში 23-ე
გამარჯვება მოიპოვა. „ფოლკსვაგენმა“ ამ სეზონში მე-11 გამარჯვება (12 ეტაპზე!) მოიპოვა,
რითაც „სიტროენის“ 2005 და 2008 წლების რეკორდი გაიმეორა.
30 წლის ოჟიე სულ მერვე მრბოლია, ვინც რალის
მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ ან მეტჯერ მოიგო. შეგახსენებთ, რომ ამ მხრივ
ბადალი არ ჰყავს სებასტიან ლოებს, ვინც ჩემპიონი ცხრაჯერ გახდა. ოთხ-ოთხი ტიტული ფინელების
- ტომი მაკინენის და იუჰა კანკუნენის ანგარიშზეა. ორ-ორჯერ ჩემპიონები იყვნენ: გერმანელი
ვალტერ რიორლი, იტალიელი მასიმო ბიაზონი, ესპანელი კარლოს საინსი და ფინელი მარკუს
გრონჰოლმი.
„სეზონის დასაწყისიდანვე ჩემი მიზანი ის იყო, რომ ჩემს
მიერ გასულ სეზონში მოპოვებული გამარჯვება ერთჯერადი არ იყო. მე ეს შევძელი.
ძალიან რთული რბოლა იყო. პირველივე დღეს მაღალი ტემპი ავკრიფე, მერე კი ასფალტზე ძალიან
გრძელი ორი დღე გვქონდა. იარი-მატი დაფრინავდა და ძალიან ძნელი იყო მასთან
პაექრობა. მაგრამ მანქანა მთელი რბოლის განმავლობაში შესანიშნავად მუშაობდა,
რისთვისაც დიდი მადლობა „ფოლკსვაგენის“ მთელ გუნდს“, - ნარბოლევს განაცხადა ოჟიემ.
ესპანეთის რალის შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 3:46:44.600
2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) +00:11.300
2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) +00:11.300
3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 01:42.200
4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 02:13.300
5. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) 02:22.200
6. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) 04:01.000
7. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) 04:02.900
8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 08:06.800
9. ჰეიდენ პედონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი) 09:12.400
10. ნასერ ალ-ატია (ყატარი, ფორდი) 12:39.800
No comments:
Post a Comment