New Ford S-Max revealed ahead of Paris debut
16 სექტემბერი
პარიზის მოტორ შოუზე მსოფლიო პრემიერის წინ, „ფორდმა“
მეორე თაობის მინივენი „S-მაქსი“ გაგვაცნო. ცისფერი ოვალი აცხადებს, ახალი
ავტომობილი უფრო სპორტული ხასიათით და იმავდროულად, უფრო პრემიუმ დონის კაბინით გამოირჩევა.
ახალმა შვიდადგილიანმა MPV-მ (მრავალმხრივი დანიშნულების
ავტომობილი) საუკეთესო მართვადობა მემკვიდრეობით პირველი თაობის მოდელისგან მიიღო.
არადა, ის ახალ შასიზეა აგებული, აქვს ახალი ძრავები, ასევე ოპციის სახით, სრულ
ამძრავიანი ტრანსმისია.
ახალ პლატფორმას, რომელიც CD4-ის სახელითაა ცნობილი,
მეორე თაობის „S-მაქსი“ ახალ სედან „მონდეოსთან“ (რომელიც ბაზარზე მალე გამოვა), უგზოობის
„ეჯთან“ და „გალაქსის“ შემცვლელთან გაიზიარებს. „ფორდის“ დიდი ავტომობილების მთავარი
ინჟინერი როლფ დეჯისი ამბობს, რომ ახალ „S-მაქსზე“ მისი წინამორბედის ყველა
გამორჩეული თვისება გაუმჯობესდა, გამოსწორდა სისუსტეები და დაემატა ახალი ტექნოლოგიები.
ახალმა ავტომობილმა წინამორბედის გაბარიტები და
სალონის მოცულობა შეინარჩუნა. სამაგეროდ, შეიცვალა წინა საკიდარის მაკფერსონის საყრდენები.
ასევე ახალია უკანა მთლიანი საკიდარიც. ZF-ის წარმოებისაა საჭის მექანიზმის
ელექტრული გამაძლიერებელი. გარდა ამისა, მყიდველს იმ სრულ ამძრავიან ტრანსმისიასაც
შესთავაზებენ, რომელსაც „ფორდი“ ასევე „მონდეოზე“ და „ეჯზე“ იყენებს.
რაც შეეხება ძრავებს, ბენზინზე მომუშავე
აგრეგატების სიას შეემატა 1.5-ლიტრიანი ეკობუსტი, რომელიც 160 ცხენის ძალას
გამოიმუშავებს და 2.0-ლიტრიანი ეკობუსტი, 240 ცხენის ძალით. ამათგან პირველთან 6-საფეხურიანი
მექანიკური კოლოფი მუშაობს, მეორესთან კი - 6-საფეხურიანი ავტომატური.
რაც შეეხება დიზელის ძრავებს, აქ ახალია 2.0-ლიტრიანი
TDCi, რომელსაც მყიდველს ფორსირების სამი ხარისხით შესთავაზებენ. მათი
სიმძლავრეებია 118, 148 და 178 ცხენის ძალა. სტანდარტულ ეკიპირებაში, მათთან
წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი იმუშავებს, ორი უფრო მძლავრი ძრავის
შემთხვევაში კი მყიდველის მოთხოვნით, 6-საფეხურიან „პაუერშიფტს“ დააყენებენ,
რომელიც ძრავს ორქუროიანი გადაბმულობით უკავშირდება.
მართალია, ამერიკული კომპანიის დევიზია „ერთი ფორდ“,
რაც ავტომობილების ყველა ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებას ითვალისწინებს,
მაგრამ ამჯერად საქმე ოდნავ განსხვავებულადაა - თავისი სტილით ახალი „S-მაქსი“
ისევ ევროპაზე ორიენტირებულ ავტომობილად რჩება. დიზაინერებმა მანქანის წინა საყრდენები
უკან დასწიეს, რამაც „S-მაქსს“ უფრო სოლიდური და იმავდროულად, სპორტული პროფილი მიანიჭა.
No comments:
Post a Comment