New Land Rover Discovery Sport Detailed
3 სექტემბერი
„ლენდ როვერმა“ ინტერნეტით თავისი უგზოობის უახლესი
ავტომობილის, „უახლესის“ პირველი ინტერნეტ ჩვენება მოაწყო - გაავრცელა მისი
ფოტოები და ოფიციალური ინფორმაცია. ახალი ავტომობილი, ჯერ კიდევ პოპულარულ „ფრილენდერს“
(ამერიკაში LR2) შეცვლის და დასაბამს დაუდებს სრულიად ახალ ქვე-ბრენდ „დისქავერის“,
რომელშიც სამი, ან შესაძლოა, ოთხი ავტომობილი გაერთიანდება. „დისქავერი სპორტის“ გაყიდვები
მომავალი წლის დასაწყისშ აიღებს სტარტს და კონკურენციას „აუდი Q5-ს“, „ბეემვე X3-ს“
და „მერსედეს-ბენცGLK-ს“ გაუწევს.
„დისქავერი სპორტის“ სიგრძე 4 590 მილიმეტრია,
ბორბლებს შორის ბაზა კი - 2 741 მილიმეტრი. ამგვარად, ის „ფრილენდერ/LR2-ზე“ 91 მილიმეტრით
გრძელია და მასზე 80 მილიმეტრით გრძელი ბაზაც აქვს. მასში ჩასაჯდმი ფორმულა
5+2-ია, რითაც ის თავისი გერმანელი კონკურენტებისგან განსხვავდება. +2 ნიშნავს,
რომ მესამე რიგის სავარძლები დამატებითია და ისინი საბარგულის ადგილს იკავებენ.
როცა ეს რიგი ამოღებულია, საბარგულის მოცულობა 829 ლიტრია და თუ მეორე რიგის
სავარძლებს წინ მისწევთ, საბარგულის მოცულობა 981 ლიტრს მიაღწევს. მეორე რიგის
სავარძლები წინებზე 50 მილიმეტრით მაღლა დგას. როდესაც ისინი მაქსიმალურად უკანაა
გაწეული, ფეხების ადგილის სიგრძე 1011 მილიმეტრს აღწევს.
„უახლესი „დისქავერი სპორტის“ სახით, ჩვენ არამარტო
„დისქავერის“ ოჯახის ახალი წევრი წარმოვადგინეთ, არამედ უგზოობის კომპაქტურ
პრემიუმ ავტომოილების კლასში, სავარძლების 5+2 ფორმულით, მას უნივერსალურობაც
შევძინეთ. „დისქავერი სპორტის“ უნივერსალურობა, კონკურენტებისგან მთავარი განმასხვავებელია.
და უბრალოდ, ეს ყველაზე სრულყოფილი ავტომობილია თავის სეგმენტში“, - ამბობს „იაგუარ
ლენდ როვერის“ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი ფილ პოპემი.
გარეგნულად, „დისქავერი სპორტი“ ნიუ იორკის ავტო
შოუზე წარდგენილი კონცეპტუალური „დისქავერი ვიჟნის“ უფრო სრულყოფილი და ნაკლებად
ფუტურისტული ვერსიაა. უფრო მეტიც, მასზე გაცილებით ეფექტურად და მიმზიდველად
გამოიყურება. ინტერიერი კი შედარებით მოკრძალებულია. მისი მაჩვენბლების დაფა რაღაცით
„რეინჯ როვერ ევოუკისას“ ჰგავს. ოღონდ, მისი ცენტრალური კონსოლი უფრო
ვერტიკალურია. ავტომობილი ყველა იმ თანმედროვე საშუალებითაა აღჭურვილი, რომლებსაც
ყველა თანამედროვე პრემიუმ ავტომობილში ნახავთ. მათ შორისაა 8-დუიმიანი სენსორული
ეკრანი, რომელიც ინფოტაინმენტ სისტემის განუყოფელი ნაწილია. ეკიპირებაშია ხმოვანი
მართვის ფუნქციით აღჭურვილი სატელიტური ნავიგაციის სისტემა, უკაბელო ინტერნეტი, ორზონიანი
კლიმატ კონტროლი და ნისლის ავტომატური გამფანტველი.
„დისქავერი სპორტი“ ბაზირებულია „ევოუკის“ მოდიფიცირებულ
პლატფორმაზე, რომლის სტრუქტურაც მაღალი სიმტკიცის ფოლადის, ზემტკიცე ბოროვანი
ფოლადისა და ალუმინისგანაა დამზადებული. ამის წყალობით, გაიზარდა პლატფორმის მედეგობა
გრეხვაზე და იმავდროულად, მნიშვნელოვნად შემცირდა წონა. საკიდარი
მრავალბერკეტიანია, საჭის მექანიზმს კი ელექტრო გამაძლიერებელი ემსახურება. ავტომობილი
მძღოლის დამხმარე სისტემებითაცაა აღჭურვილი. მათ შორისაა საგზაო ზოლიდან გასვლის
გამაფრთხილებელი სისტემა, ავტონომიური საგანგებო მუხრუჭი, საგზაო ნიშნების ამომცნობი
სისტემა.
„დისქავერი სპორტის“ ძრავების გამაში ჯერ მხოლოდ
ორი აგრეგატია. მათგან ერთია ბენზინის 2.0-ლიტრიანი ტურბო, რომელიც „ევოუკისგანაა“
ნასესხები. მისით აღჭურვილი ავტომობილი ამერიკის ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ამ
ძრავის სიმძლავრე 240 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 340
ნიუტონმეტრი. მას ZF-ის 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და
„ჰალდექსის“ სრულ ამძრავიანი სისტემა უკავშირდება.
მეორე ძრავი 2.2-ლიტრიანია და ის იმ ვერსიისთვისაა
განკუთვნილი, რომელიც ევროპაში გაიყიდება. მისი სიმძლავრე 187 ცხენის ძალაა,
მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 420 ნიუტონმეტრი. ამ შემთხვევაში, 9-საფეხურიანი
ავტომატის გარდა, მყიდველს 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფის არჩევაც შეუძლია.
ამასთან, ამ შემთხვევაშიც ავტომობილი სრულ ამძრავიანია. მოგვიანებით, ძრავების
გამა eD4 ტურბო დიზელით შეივსება. ამასთან შესაძლებელი გახდება ავტომობილის წინა
ამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვა. ამ ტანდემის გამოყენების შემთხვევაში, ავტომობილი
ას კილომეტრს 6.7 ლიტრი საწვავით გაივლის, ყოველ კილომეტრზე კი გარემოს მხოლოდ 119
გრამი CO2-ით დააბინძურებს.
„დისქავერი სპორტის“ კლირენსი 212 მილიმეტრია. მას 45-გრადუსიანი
აღმართის და 600 მილიმეტრის სიღრმის მქონე კალაპოტის დაძლევა შეუძლია. ამაში მას
სისტემა „უეიდ სენსინგი“ ეხმარება. სენსორების და გვერდითა სარკეების დახმარებით, ეს
სისტემა ავტომობილის ირგვლივ არსებული წყლის სიღრმეს დაადგენს და შესაბამის
მონცემებს ცენტრალურ კონსოლზე არსებულ ეკრანზე გამოიტანს. ტესტების დროს,
ავტომობილი წყალში ნაწილობრივ ჩაძირვაზეც შეამოწმეს. ტესტის დროს, ავტომობილი ღრმა
წყალში დააყენეს და ყველა კარი გააღეს, რათა სალონი წყლით გავსებულიყო. ნახევარი
საათი ასე იდგა, შემდეგ კი ადვილად დაიქოქა და ადგილიდანაც უპრობლემოდ დაიძრა.
ახალი ავტომობილი აღჭურვილია სისტემა „ტერეინ რესპონსით“.
ეს სისტემა ძრავს, ტრანსმისიას და საკიდარს, გზის საფარის და საგზაო პირობების
შესაბამისად მომართავს. ელექტრონიკა ოთხ რეჟიმში მუშაობს. ესენია: სტანდარტულ (ჯენერალ),
არამყარ გზებზე (გრას/გრაველ/სნოუ), ქვიშასა (სენდ) და ტალახიან გზებზე მუშაობის
რეჟიმები.
„დისქავერი სპორტის“ მსოფლიო პრემიერა პარიზის
მოტორ შოუზე, ოქტომბერში გაიმართება.
No comments:
Post a Comment