Revised Ford Focus ST revealed
28 ივნისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე „ფორდის“ განახლებული
„ფოკუს ST-ს“ დებიუტი შედგა. იქვე შედგა მისი პირველი „ნათლობა“ - ავტომობილმა
აღმართზე რბოლაში მიიღო მონაწილეობა. როგორც ცისფერი ოვალი აცხადებს, ახალი
ავტომობილი უკეთაა დაბალანსებული, უკეთ რეაგირებს საჭის მოძრაობაზე და მართვით დიდ
სიამოვნებას მოგანიჭებთ. ამასთან, ეს არის პირველი „ფოკუს ST“, რომელიც დიზელის
ძრავითაც აღიჭურვება.
ეს არის 2.0-ლიტრიანი TDCi, რომელიც 185 ცხენის
ძალას (3500 ბრ/წთ-ზე) და 400 ნიუტონმეტრს (2000-2750 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ამ
ძრავით და მასთან დაკავშირებული 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფით, „ფოკუს ST-ს“
ადგილიდან ასის ასაკრეფად 8.1 წამი სჭირდება, მე-6 გადაცემით, 80-120 კმ/სთ-ს
აკრეფაზე 9.7 წამია საჭირო, მაქსიმალური სიჩქარე კი 217 კმ/სთ-ს აღწევს.
დიზელისძრავიან „ფოკუს ST-ს“ 100 კილომეტრის გასავლელად 4.4 ლიტრი საწვავი
ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 114 გრამ ნახშირორჟანგს
გამოჰყოფს.
უკეთესი დინამიკური მაჩვენებლები აქვს 2.0-ლიტრიანი
ეკობუსტით აღჭურვილ „ფოკუს ST-ს“. მისი ძრავი 250 ცხენის ძალას (5500 ბრ/წთ-ზე) და
360 ნიუტონმეტრს (2000-4500 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. იმავე 6-საფეხურიანი
მექანიკური კოლოფით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/შთ სიჩქარის ასაკრეფად 6.5 წამი
ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 246 კმ/სთ-ს აღწევს. რაც შეეხება ხარჯს, ის ას
კილომეტრზე 6.8 ლიტრია, რაშიც ავტომობილს სისტემა სტოპ-სტარტი ეხმარება. გამონაბოლქვში
CO2-ის
შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე 158-169 გრამია.
ორი სიტყვა გადაცემათა კოლოფზეც უნდა ითქვას. ორივე
შემთხვევაში ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი მუშაობს, რომელსაც მოკლე
გადაცემები აქვს, რაც ავტომობილის კარგ აჩქარებას განაპირობებს. ამასთან, ორივე
შემთხვევაში, გადაცემის საფეხურებს შორის სხვაობა განსხვავებულია და ისინი ძრავების
მახასიათებლების შესაბამისადაა შერჩეული. ამგვარად, კარგ დინამიკურ მაჩვენებლებთან
ერთად, საწვავის ეკონომიური ხარჯვაცაა მიღწეული.
„ფოკუს ST“ გამოვა როგორც ხუთკარიანი ჰეჩბეკის,
ასევე უნივერსალის ძარებით. მათზე ყველა ის ცვლილება გადაინაცვლებს, რომლებიც
სტანდარტულმა „ფოკუსმა“ მიიღო. არის ის სიახლეებიც, რომლებიც ST-ვერსიას
შეეფერება. ისინი „ფორდის“ სპორტული ავტომობილების დივიზიონ RS-ის სპეციალისტებმა
შეიმუშავეს. ესაა მაგალითად სპორტულ ყაიდაზე მომართული საკიდარი, რომელსაც წინ
ახალი ზამბარები აქვს, ოთხივე ბორბალზე კი ახალი ამორტიზატორები. უკანა ზამბარები
წინა თაობის „ფოკუს ST-სგანაა“.
შეცვლილია საჭის მექანიზმის კალიბრაცია. სისტემა
ელექტრო გამაძლიერებლითაა აღჭურვილი, რომელიც ასევე დაიხვეწა. შედეგად, ავტომობილი
უფრო სწრაფად რეაგირებს საჭის ნებისმიერ მოძრაობაზე. საერთო ჯამში, გაუმჯობესებულია
მოსახვევების გავლისას ავტომობილის ბალანსი. ასევე გაუმჯობესდა ელექტრონული
სტაბილურობის სამსაფეხურიანი პროგრამა, რაც მაღალ სიჩქარეზე, მოძრაობის მიმართულების
მკვეთრი ცვლილებისას, ავტომობილის მდგრადობას უზრუნველყოფს.
ოპტიმიზებულია წამყვან ბორბლებს შორის მაბრუნი
მომენტის განაწილების სისტემა, რაც მოსახვევებში ჩაჭიდებას აუმჯობესებს და საერთო
ჯამში, მათი გავლის სიჩქარესაც ზრდის. ამასთან, ავტომობილი უფრო მანევრული და
სწრაფი გახდა. შეცვლილია ძრავის სამაგრების პოზიციები, რაც მკვეთრი აჩქარებისას, წამყვანი
წინა ბორბლების ჩაჭიდების გაუმჯობესებით, მაბრუნი მომენტის სწრაფად ათვისებას
უწყობს ხელს.
„ფორდის“ სპეცალისტებმა დიდი როლი შეასრულეს „მიშლენის“
მიერ ახალი 19-დუიმიანი საბურავების შემუშავებაში, რომლებიც დინამიკურ მართვას უწყობს
ხელს. განსაკუთრებით გაუმჯობესებულია საბურავების განივი ჩაჭიდება, რაც ასევე
მოსახვევების სწრაფად და სტაბილურად გავლას უწყობს ხელს.
სპორტულ ყაიდაზეა გადაკეთებული ავტომობილის გარეგნობა.
ავტომობილი დაბლაა დაწეული და მას აქვს ელემენტები, რომლებიც აგრესიულობას სძენს.
მაგალითად, პროფილირებული კაპოტი, გსნსხვავებული პროპორციის რადიატორის ცხაური, დაწვრილებული
წინა ფარები და სწორკუთხოვანი სანისლე ფარები. გამოსაბოლქვი მილი ცენტრშია
მოთავსებული, მის ორივე მხარეს კი დიფუზორის მსგავსი წარმონაქმნი უფრო დკორატიული ელემენტის
შთაბეჭდილებას ტოვებს. აეროდინამიკურად ოპტიმიზებულია სახურავის უკან მოთავსებული სპოილერი.
ახალი „ფოკუს ST-ს“ სალონში სიახლეა საჭის რგოლი,
რომელიც რბილი ტყავითაა შემოსილი და რომელსაც ოდნავ ბრტყელი ქვედა ნაწილი აქვს. რა
თქმა უნდა, სპორტული ყაიდისაა სავარძლებიც, რომებიც „ფორდთან“ ერთად, ამ საქმის
სპეციალისტმა „რეკარომ“ შეიმუშავა. გადაცემათა კოლოფის გადამრთველი ბერკეტი და
სატერფულები ქრომირებულია. მყიდველს „ფოკუს ST-ს“ შესრულების სამი განსხვავებული დონით
შესთავაზებენ. ესენია ST1, ST2 და ST3. ამ შემთხვევაში, განსხვავება გამოყენებულ
მასალებსა და მათა ფერებშია.
ცნობისათვის,
„ფორდმა“ ვერსია „ფოკუს ST-ს“ წარმოება 2002 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ის 40 ქვეყანაში
140 000-ზე მეტი გაჰყიდა. ახალ „ფოკუს ST-ზე“ შეკვეთების მიღება შემოდგომაზე
დაიწყება, დილერების შოურუმებში კი ის 2015 წლიდან გამოჩნდება. ფასიც მოგვიანებით
გამოქვეყნდება.
No comments:
Post a Comment