დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 8, 2014

საიუბილეო „მუსტანგი“ ქველმოქმედებისთვის

Ford Builds One-Off 2015 Mustang 50 Years Convertible for Multiple Sclerosis Research
8 მაისი
„ფორდი“ ერთ ცალ საიუბილეო „მუსტანგ GT-ს“ ღია ვერსიას, სპეციალურად საქველმოქმედო გათამაშებისთვის გამოჰყოფს, რომლიდან მიღებული თანხებიც, გაფანტული სკლეროზის კვლევას მოხმარდება. ეს იქნება ახალი „მუსტანგის“ ღია ვერსიის ერთ-ერთი პირველი ეგზემპლარი, რომელსაც ამერიკული კომპანია ამ შემოდგომაზე გამოუშვებს.
ეს ავტომობილი აღიჭურვება 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომლის სიმძლავრე 420 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 528 ნიუტონმეტრი. ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება. გარდა ამისა, საქველმოქმედოდ განკუთვნილი „მუსტანგი“ სპეციალური პაკეტით აღიჭურვება, რომელშიც „პირელის“ წარმოების „P-ზერო“ საბურავებით შემოსილი 19-დუიმიანი ბორბლები, „ბრემბოს“ ექვსცილინდრიანი, შეღებილი სამუხრუჭე ცილინდრები და გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი შევა.
ავტომობილი გარეგნულადაც განსხვავებული იქნება. ის საიუბილეო ფასტბეკის ცალკეულ ელემენტებს მიიღებს და „უიმბლდონის თეთრი“ ფერით შეიღებება. მას ექნება რადიატორის ქრომირებული ცხაური. ქრომირებული არშიები შემოევლება უკანა სამსექციიან ფარებსაც. ავტომობილს წარწერა “GT 50 Years” დაამშვენებს, მის ბორბლებს კი Y-ფორმის წკირები ექნება.
ექსკლუზიური „მუსტანგის“ სალონში ორ ფერში შესრულებული ტყავის სავარძლები განთავსდება. შავი ტყავის სავარძლებს კონტრასტს ქაშმირის ჩანართები შეუქმნის. ქაშმირისვე ნაკერები დაამშვენებს მაჩვენებლების დაფას, საჭის რგოლს, გადაცემების გადასართველ ბერკეტს, კარის შიდა პანელებს. სალონშივე მფლობელს ტყავის ჩანთა დახვდება, რომელზეც წარწერა “50 Years” იქნება ამოტვიფრული. მაჩვენებლების დაფას ბილ ფორდის ავტოგრაფი დაამშვენებს და იქვე იქნება მანქანის სერიული ნომერი 0001.
სპეციალური ავტომობილი ფესტივალ Woodward Dream Cruise-ის დროს, ბილეთების მფლობელთა შორის გათამაშდება. ყოველი ბილეთი 20 დოლარი ეღირება და ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხა, საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

No comments:

Post a Comment