Motor racing-Hamilton wins Bahrain thriller for
Mercedes
6 აპრილი
შეიძლება, რომ ერთ რბოლას ორი გამარჯვებული
ჰყავდეს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ დრევანდელ რბოლას სწორედ ორი გამარჯვებული
ჰყავს - ლუის ჰამილტონი და ნიკო როსბერგი. ისე, რატომ სამი არა? სერხიო პერესის
მესამე ადგილიც ხომ გამარჯვების ტოლფასია? რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც უნდა იყოს,
ჩეკომ პირველ ორთან ძალიან ბევრი წააგო. რას იზამ, მათს მანქანებს შორის ძალიან
დიდი სხვაობაა. მთავარია, რომ მექსიკელმა თავისი მაღალი კლასი დაამტკიცა! თანაც,
„სხვა პლანტიდან ჩამოსული“ სამქიმიანების უკან საუკეთესო სწორედ ის იყო.
და რა თქმა უნდა, ბაჰრეინში ბრწყინვალე რბოლა
ვიხილეთ. ბევრი იყო გასწრება, ბევრი იყო ბრძოლა თანაგუნდელებს შორის, რაც ბოლო
ხანს აშკარად აკლია ფორმულა ერთს. იყო შეჯახებაც, რომელშიც... რა თქმა უნდა,
პასტორ მალდონადო აქტიურად მონაწილეობდა. ისიც ვნახეთ, როგორ ასწრებს თანაგუნდელი
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელს, რომელიც ამას მიჩვეული ნამდვილად არ
არის. მოკლედ, მონოტონური სანახაობის მოლოდინი არ გამართლდა და იმედია, მომავალშიც
ასე ხშირად იქნება. კიდევ უკეთესი, თუ სამქიმიანებს სხვებიც დაეწევიან და
ამგვარად, მათი გამარჯვება მესამე ადგილის დაკავების ტოლფასი არ იქნება.
ბაჰრეინული საღამოს თრილერი, მის სტარტზევე დაიწყო,
როცა ჰამილტონმა პირველივე მოსახვევამდე გაუარა თანაგუნდელს. მერე თითქოს ისეთი რა
უნდა მომხდარიყო - „მერსედესებმა“ სწრაფად შექმნეს სოლიდური ჰანდიკაპი, დანარჩენ
პელოტონსაც განსაკუთრებული არაფერი ეტყობოდა. ლოკალური ბრძოლები მასში ისედაც
ხშირია ხოლმე, მაგრამ საინტერესო არაფერი... თუმცა, ამჯერად ასე არ მოხდა.
ტრადიციის რღვევა ისევ „უილიამსის“ პილოტებმა
დაიწყეს. მალაიზიაში რომ გუნდური მითითებები მიიღეს, ამან გუნდის ფანები
გაანაწყენა - „უილიამსში“ ხომ პილოტებისგან არასდროს მოითხოვდნენ ერთმანეთისთვის
გზის დათმობას. მაშინაც კი, როცა საქმე ტიტულისთვის ბრძოლას ეხებოდა. მოკლედ,
ფელიპე მასასა და ვალტერი ბოტასს შორის ბრძლა მალაიზიიდან ბაჰრეინშიც გაგრძელდა.
იქვე როსბერგმა აიწყვიტა და ჰამილტონს შეუტია. ორჯერ მიზანსაც მიაღწია, მაგრამ
ორივე შემთხვევაში ბრიტანელმა ლიდერობა დაიბრუნა. მერე ჰამილტონი პიტსტოპზე
გაჩერდა.
42-ე წრეზე მოხდა ინციდენტი, რომელსაც ტრასაზე
პეისკარის გამოსვლა მოჰყვა. პასტორ მალდონადო პიტლეინიდან გამოსვლისთანავე,
პირველივე მოსახვევში სწორხაზოვნად შესვლას ცდილობდა და როგორც ჩანს, მარცხნივ არც
გაიხედა, თორემ აუცილებლად დაინახავდა, რომ საკუთარ ტრაექტორიაზე მყოფი ესტებან
გუტიერესი მოხვევას ცდილობდა. მოკლედ, შეჯახება მოხდა, რამაც მექსიკელის „ზაუბერი“
ჰაერში ააგდო. მანქანამ ჰაერში პირუეტი შეასრულა და ჯერ უსაფრთხოების რკალით დაეცა
ასფალტზე, მერე კი მორიგი ტრიალით „გასწორდა“. ბედად, გუტიერესი უვნებელი გადარჩა.
პეისკარმა ხუთი წრე ატარა ქარავანი. მისი ყოჩობისას,
ჰამილტონს მედიუმ საბურავები დაუყენეს (რეგლამენტით, მას სოფტები აღარ ეკუთვნოდა),
როსბერგი კი სოფტებზე გადავიდა, რაც დარჩენილ წრეებზე მას უპირატესობას ანიჭებდა. პეისკარის
გასვლის შემდეგ, „მერსედესმა“ თავის ორივე პილოტს რადიოთი მიმართა - ქულათა
მაქსიმუმი გვჭირდება და ფრთხილადო. როსბერგის და ჰამილტონის სასახელოდ უნდა
ითქვას, რომ მათ ესეც გაითვალისწინეს და არც ერთმანეთი დაუნდვიათ. გერმანელმა
თანაგუნდელს კიდევ ორჯერ გაასწრო, მაგრამ ბრიტანელმა ორივეჯერ დაუბრუნა ხურდა.
მათ უკანაც ბრძოლა გახურდა. რიკარდომ ფეტელს გაუარა
და მისგან კონტრშეტევაც საკმაოდ იოლად მოიგერია. შემდგ კი ავსტრალიელმა ნიკო ჰულკენბერგიც
ჩამოიტოვა, თუმცა პერესს ვეღარაფერი მოუხერხა. ფეტელის გასწრებას კი ბოლო წრეებზე
ამაოდ ცდილობდა მასა. ერთ მომენტში მან გაასწრო კიდეც ჩემპიონს, მაგრამ ფეტელმა
უმალ დაიბრუნა პოზიცია. მასამ კიდევ სცადა ბედი, მაგრამ აღარაფერი გამოუვიდა და ბოლოს
განზრახვაზე ხელი აიღო. ამჯერად გუნდს მისთვის კუდზე მყოფი ბოტასისთვის გზის დათმობა
აღარ უთხოვია.
რბოლა მორჩა და ჰამილტონს გამარჯვება პირველმა
როსბერგმა მიულოცა. ჰამილტონი ტრასაზევე ცერით აჩვენებდა თანაგუნდელს, მაგარი
რბოლა გვქონდაო. ცალკე „ფორს ინდიაც“ ზეიმობდა - ინდური გუნდისთვის პერესის მესამე
ადგილი (მის ისტორიაში მეორე კვარცხლბეკი) მართლაც გამარჯვების ტოლფასია. უკმაყოფილო
არც რიკარდო უნდა იყოს - ჯერ ერთი, ბრძლაში აჯობა თავის ტიტულოვან თანაგუნდელს.
მეორეც, მე-13 სასტარტო პოზიციიდან მეოთხემდე აინაცვლა და თანაც, გზად სულ ბრძლა
უწევდა. მოკლედ, შესანიშნავი განაცხადია იმ შემთხვევისთვის, თუ „რედ ბული“ (უფრო
კი რენო) ჩვეულ ფორმას დაიბრუნებს. მასა და ბოტასი ცოტათი დაიჩაგრნენ - მე-7-8
ადგილები იმაზე ნაკლებია, ვიდრე ალბათ იმსახურებდნენ, მაგრამ ყოველი მეტრისთვის მათმა
თავგანწირულმა ბრძოლამ შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა.
„ნიკომ შესანიშნავად იასპარეზა. ძალიან ძნელი იყო
მისი შეტევების მოგერიება. შემიძლია ვთქვა, რომ რბოლის ბოლოს, დანის პირზე მიწევდა
რბოლა“, - განცხადა ჰამილტონმა, ვისაც ზედიზედ ორი გამარჯვება ბოლოს ოთხი წლის წინ
ჰქონდა მოპოვებული. მან ფინიშზე როსბერგს 1.085 წამით მიასწრო და განაცხადა, რომ
მის ფ1-ის კარიერაში ეს ყველაზე ძნელი გამარჯვებაა.
„ძალიან
არ მომწონს, რომ ჰამილტონის უკან დავასრულე რბოლა, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ,
რომ ეს ჩემს კარიერაში ყველაზე გამორჩეული რბოლა იყო. ეს დღე ჩვენი სპორტისთვის
გამორჩეულია, ჩვენ აქ ფანტასტიური შოუ მოვაწყეთ“, - განაცხადა როსბერგმა, ვინც საერთო
კლასიფიკაციაში ისევ ლიდერია და 11 ქულას უგებს ჰამილტონს.
ბაჰრეინის დიდი პრიზი
სახირი, დისტანცია 308.238 კმ (57 წრე, 5.412 კმ)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:39:42.743
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) +00:01.085
3. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 00:24.067
4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:24.489
5. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 00:28.654
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:29.879
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 00:31.265
8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 00:31.876
8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 00:31.876
9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:32.595
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:33.462
11. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 00:41.342
12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 00:43.143
13. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 00:59.909
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 01:02.803
15. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი) 01:27.900
16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1 წრე
17გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 2 წრე
გ. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 17 წრე
გ. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 18 წრე
გ. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი) 24 წრე
გ. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 39 წრე
გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 40 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი - 1:37.020, 49-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი - 61 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 50;
3. ნიკო ჰულკენბერგი - 28; 4. ფერნანდო ალონსო - 26; 5. ჯენსონ ბატონი - 23; 6. სებასტიან
ფეტელი - 23; 7. კევინ მაგნუსენი - 20; 8. ვალტერი ბოტასი - 18; 9. სერხიო პერესი -
16; 10. დანიელ რიკარდო - 12; 11. ფელიპე მასა - 12; 12. კიმი რაიკონენი - 7; 13. ჟან-ერიკ
ვერნი - 4; 14. დანილ კვიატი - 3
კონსტრუქტორთა თასი
1.
მერსედესი - 111 ქულა; 2. ფორს ინდია-მერსედესი - 44; 3. მაკლარენ-მერსედესი - 43;
4. რედ ბულ-რენო - 35; 5. ფერარი - 33; 6. უილიამს-მერსედესი - 30; 7. ტორო როსო-რენო
- 7
No comments:
Post a Comment