დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, March 27, 2014

„პეჟო“ დაკარის რალი მარათონს უბრუნდება

Peugeot Announces Dakar Rally Comeback, Teases 2008 DKR
27 მარტი
პაიკს პიკზე ტრიუმფისა და რეკორდის დამყარების შემდეგ, „პეჟომ“ და მისმა პარტნიორებმა - ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელმა კომპანია „რედ ბულმა“ და ნავთობკომპანია „ტოტალმა“, თავიანთი ყურადღება დაკარის რალი მარათონზე გადაიტანეს. ფრანგულმა კომპანიამ უკვე გაავრცელა ფოტო ტიზერი სპეციალურად მომზადებული სარბოლი ავტომობილისა, რომელსაც 2008 DKR უწოდა.
სახელიდანაც ჩანს, რომ სარბოლი ავტომობილი, სუბკომპაქტურ ქროსოვერ 2008-ის ბაზაზეა დამზადებული. მასზე სპეცილისტთა იგივე ჯგუფი მუშაობდა, რომელმაც პაიკს პიკის ტრიუმფატორი „208 T16 პაიკს პიკი“ შექმნა. 2008 DKR-ს პრეზენტაცია 20 აპრილს, პეკინის მოტორ შოუზე გაიმართება.
ფრანგული კომპანია 2015 წლის დაკარზე ორი ეკიპაჟით იასპარეზებს და ორივეს პილოტი უკვე შერჩეული ჰყავს. ესენი არიან კლასიკურ რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და დაკარის ერთგზის გამარჯვებული, ესპანელი კარლოს საინსი და დაკარის ხუთგზის ტრიუმფატორი მოტოციკლებში, ფრანგი სირილ დესპრე. საინსმა რალის მსოფლიო ჩემპიონატი 1990 და 1992 წლებში, „ტოიოტასთან“ ერთად მოიგო, დაკარზე გამარჯვება კი „ფოლკსვაგენთან“ და „რედ ბულთან“ ერთად, ოთხი წლის წინ მოიპოვა. რაც შეეხება დესპრეს, ხუთივეჯერ მან KTM-ის მოტოციკლით ასპარეზობისას გაიმარჯვა.
„მე ხშირად მიწევდა „პეჟო სპორტის“ წინააღმდეგ ასპარეზობა და ვიცი, რამდნდ მიზანსწრაფულია ეს გუნდი. ისიც ვიცი, რომ როცა პროგრამას შეადგენენ, მის შესასრულებლად ყველაფერს იღონებენ. მეც ასეთი ვარ. თუ გავითვალისწინებთ, თუ როგორ მიყვარს დაკარის რბოლა, ეს ჩემთვის მეტისმეტად ხელსაყრელი შემოთავაზება იყო, რომელზეც უარის თქმა არ შემეძლო. და როგორც კი „პეჟომ“ მისი გუნდის წევრობა შემომთავაზა, უყოყმანოდ დავთანხმდი“, - ამბობს საინსი.
დესპრე ამბობს, რომ დაკარზე ავტომობილით ასპარეზობის იდეა წლევანდელი დაკარის დროს დაებადა. მერე კი „პეჟოსა“ და „რედ ბულისგან“ შეთავაზებაც მიიღო, რომელსაც მაშინვე დათანხმდა. მისი თქმით, ამაყობს, რომ ამ პროექტის ნაწილი გახდა. „ჩემთვის ეს ახდენილი ოცნებაა და შემიძლია ვთქვა, რომ ახალ ცხოვრებას ვიწყებ“, - ამბობს დესპრე.
„პეჟოს“ დაკარის რბოლა ოთხჯერ აქვს მოგებული. 1987, 1989 და 1990 წლებში გამარჯვება ფინელმა არი ვატანენმა (რალიში მსოფლიოს 1981 წლის ჩემპიონმა) მოიპოვა, 1988 წლის რბოლა კი ასევე ფინელმა იუჰა კანკუნენმა (რალიში მსოფლიოს 1986, 1987, 1991 და 1993 წლების ჩემპიონი) მოიგო. 1987 და 1988 წლებში გამარჯვებულებმა „პეჟო 205 T16 გრანდ რეიდით“ იასპარეზეს, მომდევნო ორ გამარჯვებას კი ვატანენმა „პეჟო 405 T16 გრანდ რეიდით“ მიაღწია.

No comments:

Post a Comment