Williams, Force India 'fast enough to win' –
Wolff
6 მარტი
შესაძლოა, ფელიპე მასას ძალიან გაუმართლა, როცა ის
„ფერარიმ“ დაითხოვა და ამის გამო, „უილიამსში“ მოუწია გადასვლა. ყოველ
შემთხვევაში, ასე ფიქრობს „მერსედესის“ დირექტორი და „უილიამსის“ თანამფლობელი
ტოტო ვოლფი. ახალი ამბების სააგენტო APA-სთან საუბრისას, ვოლფმა ივარაუდა, რომ
„მერსედესის“ ძრავებით აღჭურვილ ყველა გუნდს, ახალ სეზონში გამარჯვების რეალური
შანსი ექნება. თუმცა ის დარწმუნებულა, რომ „რედ ბული“ და „ფერარიც“ აუცილებლად
იქნებიან ფავორიტებს შორის.
„რედ ბულის“ პრობლემების ფონზე, აშკარად იგრძნობა,
რომ „უილიამსი“ კვლავ ბრძოლისუნარიან ძალად იქცა, რაშიც მას სამქიმიანების ძრავიც
ეხმარება. თუმცა, ძრავის გარდა, მთლიანად ავტომობილიც იმსახურებს ქებას - ტესტების
დროს, ის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და სწრაფი იყო პელოტონში. იგივე ითქმის „ფორს
ინდიაზეც“ - მხოლოდ ამ ორი საჯინიბოს პილოტები ახერხებდნენ „მერსედესის“ და
„მაკლარენის“ კონკურენციას.
„ფორს ინდიას“ ნიკო ჰულკენბერგი თვლის, რომ
სეზონისთვის საუკეთესოდ „მერსედესი“ და „უილიამსი“ არიან მომზადებულნი და
შესაბამისად, პირველ რბოლებში სწორედ ისინი იქნებიან ფავორიტები. „ეს ორი გუნდი
გამოირჩევა. სწრაფია „მაკლარენიც“. და საერთოდ, ამ ეტაპზე, „მერსედესის“ ძრავებით
მოასპარეზე გუნდები საუკეთესონი არიან“, - ამბობს გერმანელი პილოტი.
შეგახსენებთ, რომ საკუთრივ „მერსედესის“ გარდა, ამ
კომპანიის ძრავებით კიდევ სამი გუნდი - „მაკლარენი“, „უილიამსი“ და „ფორს ინდია“
სარგებლობს. თუმცა ამის მიუხედავად, ეს ჯერაც არ ნიშნავს, რომ მთელი სეზონი მათი
დომინაციით ჩაივლის. მითუმეტეს, ბაჰრეინის ტესტების მიწურულს, „ფერარის“ აშკარად
გაუმჯობესება დაეტყო.
„რედ ბულის“ მრჩეველი ჰელმუტ მარკო ხაზს უსვამს იმ
ფაქტს, რომ „უილიამსს“, რომელიც ახალ სეზონში ახალი სპონსორის, ალკოჰოლური
სასმელების მწარმოებელი იტალიური კომპანია „მარტინის“ ფერებში გამოწყობილი
იასპარეზებს, მთელი ტესტების განმავლობაში, პრობლემები პრაქტიკულად არ შექმნია.
ამასთან, მისი პილოტები ყოველთვის სწრაფები იყვნენ. თუმცა, მარკო იმასაც დასძენს,
რომ „უილიამსზე“ სწრაფი „მერსედესია“.
გერმანული გუნდის კიდევ ერთი შეფი ნიკი ლაუდა
დარწმუნებულია, რომ „უილიამსი“ მის გუნდს კონკურენციას გაუწევს. „ჩვენი კლიენტები
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანნი არიან და თუ დაგვამარცხეს, ეს დამატებით სტიმულს მოგვცემს
შემდგომი სრულყოფისთვის“, - ამბობს ლაუდა.
იმავდროულად,
ბევრი მიმომხილველი თვლის, რომ ტესტების დროს, „ფერარი“ აქცენტს აეროდინამიკასა და
გამძლეობაზე აკეთებდა და მანქანის შესაძლებლობები სრულად არ გამოუვლენია. ამიტომ,
მელბურნში სიურპრიზები მათგანაცაა მოსალოდნელი. ამავე მოსაზრებას ამყარებს „ფერარის“
შეფი ლუკა დი მონტეძემოლო: ვნახოთ, პირველი რბოლის ფინიშს რამდენი გუნდი მიაღწევსო,
- გაზეთ „ლა გაძეტა დელო სპორთან“ საუბრისას განაცხადა დი მონტეძემოლომ. აშკარაა,
რომ მას სწორედ „ფერარის“ ბოლიდების გამძლეობის იმედი აქვს.
No comments:
Post a Comment