დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, February 21, 2014

კონცეპტი „ინტრადო“ – „ჰიუნდაის“ დიზაინის და ტექნიკის მომავალი

Intrado SUV previews Hyundai's design and technical future
21 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუზე, „ჰიუნდაის“ სტენდის მთავარი პერსონაჟი, უგზოობის კონცეპტუალური ავტომობილი იქნება, სახელად „ინტრადო“, რომელიც კომპანიის განვითარების (როგორც დიზაინის, ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით) მიმართულებას გვიჩვენებს.
ეს არის ძალიან მსუბუქი, კუპეს ტიპის ქროსოვერი, რომლის შემუშავებისას, ინოვაციური მასალებია გამოყენებული და რომელიც წყალბადის მეორე თაობის ფიჭური ელემენტებითაა აღჭურვილი. და ის ახალ სტილშია შესრულებული, რომელსაც მალე ალბათ კომპანიის სერიულ ავტომობილებზე, სხვადასხვა ინტერპრეტაციის (როგორც ჰიუნდაის მოდელებს სჩვევიათ) სახით ვიხილავთ.
„ჰიუნდაის“ ახალი თეორიის ნაწილი, მინიმალისტური სიმარტივეა, რასთანაც ფუნქციურობაა შერწყმული. ეს ის მთავარი თვისებებია, რომლებსაც კორეული კომპანია თავის ავტომობილებზე დანერგავს. ამ მიმართულებით, „ჰიუნდაის“ პირველი ნაბიჯი სწორედ კონცეპტი „ინტრადო“ გახდება, რომელიც „ჰიუნდაისა“ და „კიას“ ევროპული ტექნიკური ცენტრის (რომელიც ფრანკფურტში მდებარეობს) კვლევისა და განვითარების პროექტს წარმოადგენს.
როგორც „ჰიუნდაის“ დიზაინის შეფი პეტერ შრაიერი ამბობს, კონცეპტუალური ავტომობილი „შიგნიდანაა დაპროექტებული“. ანუ, მთავარი ელემენტი მძღოლია, რომელსაც ავტომობილის მართვა, მაქსიმალურად ერგონომიულ გარემოში უნდა შეეძლოს. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს ავტომობილის მრავალმხრივი გამოყენება. ანუ, ის ყოველდღიური ექსპლუატაციისთვის უნდა იყოს მოსახერხებელი და იმავდროულად, სიმარტივითაც უნდა გამოირჩეოდეს და კომპაქტურობითაც, რათა მოსახერხებელი იყოს ქალაქში პარკირებისთვის. ამასთანავე, კომფორტითაც გამოირჩეოდეს, რათა შორეული მგზავრობისას, მძღოლი ნაკლებად დაღალოს.
„ინტრადოს“ სტრუქტურა მეტწილად კარბონის ბოჭკოთი გაძლიერებული პლასტიკითაა გაკეთებული. ეს მასალა თანამედროვე ავტოინდუსტრიის ჰიტია, რადგან კონატრუქციის შემსუბუქების საშუალებასაც იძლევა და იმავდროულად, კონსტრუქცია გრეხვაზე გაცილებით მეტ დატვირთვას უძლებს, რაც ავტომობილის მანევრულობისა და მართვადობისთვის მნიშვნელოვანია. ამ მასალის წყალობით, კარბონის შასი, თავის ფოლადს ექვივალენტთან შედარებით, 70 პროცენტით მსუბუქია და გრეხვაზე ორჯერ მეტი მედგობა აქვს.
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას „ჰიუნდაის“ მიერ შემუშავებული ფიჭური ელემენტების დანადგარი ანიჭებს, რომელიც წინა ბორბლებს ატრიალებს. ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი, რომელშიც ფიჭურ ელემენტებში გამომუშავებული ელექტრული ენერგია ინახება, ავტომობილის ძირშია განლაგებული და მათი ტევადობა 36 კილოვატსაათია. რაც შეეხება წყალბადს, ის უკანა სავარძლების და საბარგულის ქვეშ მოთავსებულ მაღალი წნევის ბალონებში ინახება. ამ ეტაპზე, „ჰიუნდაის“ ამ ძალური დანადგარის მახასიათებლები და ავტომობილის სვლის სიშორე არ გამოუქვეყნებია.
კონცეპტი „ინტრადო“ ოთხადგილიანი ავტომობილია, რომელსაც საკმაოდ აგრესიული გარეგნობა ახასიათებს. ამ თვისებას ხაზს უსვამს დაბერილი საბორბლე თაღები, რომლებშიც დიდრონი ბორბლებია მოთავსებული. “ინტრადოს“ მაღალი კლირენსი და მოკლე გადმონაშვერები აქვს, რაც მის ყველგანმავლის თვისებებს უსვამს ხაზს. და რა თქმა უნდა, აღნიშვნას იმსახურებს მისი ექვსკუთხა რადიატორის ცხაური, როგორიც „ჰიუნდაის“ ავტომობილებზე ჯერ არ გვინახავს და რომელიც ასევე კონცეპტის აგრესიული იერის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მის ორივე მხარეს შუქდიოდური მთავარი და დღის ფარებია განლაგებული. სავარაუდოდ, ეს კომბინცია „ჰიუნდაის“ მომავალი ავტომობილების გარეგნობის დამახასიათებელი შტრიხი იქნება.
უფრო მეტს ამ საინტერესო ავტომობილზე, ჟენევაში შევიტყობთ.

No comments:

Post a Comment