დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, January 25, 2014

„ფერარი F14 T“ - სქელშუბლა

Ferrari unveils its 2014 Formula 1 design, the F14 T
25 იანვარი
ესეც მარანელოელთა ახალი კვიცი და მასთან ერთად, კიდევ ერთი „სხვანაირი“ ცხვირი. „ლოტუსისა“ და „მაკლარენის“ ახალი ბოლიდბისგან განსხვავებით, F14 T-ს ვერც ჭიანჭველაჭამიას შეადარებთ და ვერც ბრჭყალს. სამაგიეროდ, ეს ავტომობილი სქელშუბლას (თევზს) მოგაგონებთ, თავისი მკვეთრად დახრილი ცხვირის ნაწილით. როგორც ჩანს, „ფერარიმ“ შეგნებულად დათმო აეროდინამიკის სფეროში, რათა გაჭიმვაზე მომუშავე საკიდარი (ეგრეთ წოდბული პულროდ) შეენარჩუნებინა.

ერთი შეხედვით, „დახურული“ ცხვირი ჰაერის ნაკადის მანქანის ძრისკენ მიმართვის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ ამ დანაკარგის ანაზღაურებას სკუდერიელები წინა ანტი ფრთის დახმარებით შეეცდებიან, რომელმაც ამ ნაკადის ნაწილის ძირისკენ მიმართვა უნდა უზრუნველყოს. იმავდროულად, ამ ანტი ფრთების ჰორიზონტალური ფირფიტები, შემხვედრი ჰაერის ნაკადს აარიდებენ საკიდარის ბერკეტებს. „სქელი შუბლი“ კი თავის სიახლოვეს ჰაერის ლოკალურ გრიგალისებრ კერებს შექმნის, რომელმაც პილოტის თავის არეში, ჰაერის წინააღმდეგობა უნდა შეამციროს. ოღონდ, ამ შემთხვევაში, რამდენად ეფექტურად იმუშავებს ძრავის ჰაერის ამღები, ძნელი სათქმელია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ტურბინა ჰაერს ძალდატანებით „იწოვს“.

ახალი ავტომობილის შემუშავების პროცესში უკვე მონაწილეობდა „ფერარის“ ახალი ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი, რომელიც მარანელოში „ლოტუსიდან“ გადავიდა. სხვათა შორის, ის გუნდს გასული სეზონის მიწურულს შეუერთდა, როდესაც ახალ ბოლიდზე მუშაობა უკვე დაწყებული იყო.

ამგვარად, „ლოტუსმა“, „მაკლარენმა“ და „ფერარიმ“ უკვე გვაჩვენეს ახალი ბოლიდები. ხვალ ახალ „ზაუბერს“ ვიხილავთ, დანარჩენები კი პრეზენტაციებს ხერესის პირველ სატესტო დღეს გვიჩვენებენ. ერთადერთი გუნდი, რომელიც ხერესის ტესტებში მონაწილეობას არ მიიღებს, „ლოტუსია“, რომელიც პელოტონს ბაჰრეინის ტესტებიდან შეუერთდება.

No comments:

Post a Comment