Motor racing-Dennis retakes control of McLaren F1
team
17 იანვარი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ მისი ჯგუფის მთავარი
აღმასრულებლის პოსტს ისევ რონ დენისი დაუბრუნდა, ვინც მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონ
გუნდს 1982-2009 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე ის მარტინ უიტმარშს ჩაანაცვლებს,
რომლის მომავალიც გაურკვეველია. ამგვარად, ჯგუფის მთავარი აღმასრულებლის გარდა, 66
წლის დენისი ასევე ჯგუფის დირექტორთა თავმჯდომარის და „მაკლარენ ავტომოტივის“ ხელმძღვანელის
როლსაც შეუთავსებს.
სწორედ დენისი იყი გუნდის შეფი, როცა ალენ პროსტმა (1985,
1986 და 1989 წლებში) და აირტონ სენამ (1988, 1990 და 1991 წლებში) სამ-სამი
ტიტული მოიპოვეს. გარდა ამისა, თავისი ორივე ტიტული სწორედ დენისის ხელმძღვანელობით
მოიპოვა მიკა ჰაკინენმა (1998 და 1999 წლებში), მესამე ტიტული ნიკი ლაუდამ (1984
წელს) და ჯერჯერობით პირველი ტიტული ლუის ჰამილტონმა (2008 წელს). სწორედ
ჰამილტონია უოკინგელთა ბოლო ჩემპიონი, კონსტრუქტორთა თასი კი მათ ბოლოს 1998 წელს
აიღეს.
გასული სეზონი „მაკლარენისთვის“ განსაკუთრებით
წარუმატებელი იყო. მისმა პილოტებმა ჯენსონ ბატონმა და სერხიო პერესმა ერთხელაც ვერ
შეძლეს კვარცხლბეკზე ასვლა, რაც გუნდს 1980 წლის შემდეგ არ ახსოვს. ბატონმა ბოლო
რბოლაშიღა შეძლო მეოთხე ადგილის დაკავება.
არსებობს ვარაუდი, რომ დენისი, ვინც „მაკლარენის“
აქციების 25 პროცენტს ფლობს, გუნდში როს ბრაუნის მოყვანას აპირებს, ვინც ახლახანს
დატოვა „მერსედესი“. სწორედ ბრაუნის ხელმძღვანელობით შეძლო მიხაელ შუმახერმა თავისი
შვიდივე ტიტულის მოპოვება. გარდა ამისა, ბრაუნის გუნდის მანქანით (რომელიც სახელ
შეცვლილი ჰონდა იყო), ბატონმა თავისი ჯერჯერობით ერთადერთი ტიტული მოიპოვა.
„ბევრი
რამ შეიცვლება და ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ“, - დენისის ამ სიტყვებს „მაკლარენის“
თანამშრომელთა ოვაციები მოჰყვა. ამ სიტყვებით, დენისმა ყველას გააგებინა, რომ მისი
გუნდი მდევრის როლში ყოფნას აღარ აპირებს. რონის დაბრუნებას არ დასწრებია უიტმარში
და მისი ადგილიც გუნდში ჯერჯერობით გაურკვეველია.
No comments:
Post a Comment