დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 14, 2013

„ტატა“ მარჩელო განდინისგან

Tata Previews Marcello Gandini-designed Composite Car
14 დეკემბერი
„ტატა მოტორსზე“ დიდი ხანია, არაფერი გვსმენია, არც მის უიაფეს „ნანოზე“. ინდური კომპანიის მფლობელობაში მყოფი „ლენდ როვერის“ და „იაგუარის“ გამოცოცხლებაზე კი ამ ბოლო ხანს ბევრი რამ ისმის. თუმცა, რატან ტატა თავის პირმშოზეც ზრუნავს, რისი ნიშანიცაა თუნდაც ის ფაქტი, რომ საკუთარი კომპანიის ავტომობილების დიზაინი სახელოვან იტალიელ დიზაინერ მარჩელო განდინის მიანდო. ცნობისათვის, განდინის შემოქმედებას ეკუთვნს ისეთი ლეგენდარული ავტომობილები, როგორებიცაა „ლამბორგინი მიურა“ და „ლამბორგინი კოუნტაჩი“.
„ტატა“ მალე ახალ ჰეჩბეკს (სახელი ჯერ არ აქვს) გამოუშვებს და სწორედ ამ ავტომობილის პროტოტიპი შეიმუშავა განდინიმ, რომელმაც მისი ძარა მთლიანად კომპოზიტური მასალებისგან შექმნა. ოღონდ, საერთოდ არ გამოუყენებია ძვირადღირებული კარბონის ბოჭკო. ძარა, რომელიც 25 ნაწილისგან შედგება, დაახლოებით 20 პროცენტით მსუბუქია ალუმინისა და ფოლადისგან დამზადებულ ანალოგზე.
ახალი ავტომობილისთვის „ტატას“ მოდულური პლატფორმა აქვს შემუშავებული, რომელზეც სხვადასხვა ტიპისა და კლასის ავტომობილების აგებაა შესაძლებელი. ინდურ კომპანიას ეს ახალი ავტომობილების შემუშავებისას, სოლიდურ სახსრებს დააზოგვინებს. საინტერესოა, რომ ჰეჩბეკს ძრავი შუაში აქვს მოთავსებული. ესაა 1.0-ლიტრიანი, მექანიკურ დამჭირხნიანი აგრეგატი, რომლის სიმძლავრეც 90 ცხენის ძალას აღწევს.
საინტერესოა, რომ ამ ავტომობილის პრემიერა ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე იყო დაგეგმილი, მაგრამ შემდეგ „ტატამ“ გადაიფიქრა და განაცხადა, რომ გამოყენებული სიახლეების ამ ეტაპზე ჩვენება არ იყო სასურველი, რადგან კონკურენტები ვადაზე ადრე შეიტყობდნენ მათ შესახებ. როდის გვიჩვენებს ინდური კომპანია განდინის მიერ შექმნილ ავტომობილს, ეს ჯერ უცნობია. არაა გამორიცხული, რომ ის ნიუ დელის ავტო შოუზე წარადგინოს, რომელიც იანვრის დასაწყისში გაიმართება.

No comments:

Post a Comment