Motor racing-New Jersey, Mexico and S.Korea off
2014 calendar
4 დეკემბერი
ფორმულა ერთის მომავალი წლის კალენდარში ისევ 19 ეტაპია
და არა 22, როგორც კალენდრის პირვანდელ ვარიანტში იყო. სამწუხაროდ, ჩემპიონატს
ისევ ვერ უმასპინძლებენ მექსიკა და ნიუ ჯერსი, ასევე სამხრეთ კორეა. თუმცა, კალენდარში
ორი ახალი ეტაპი მაინც გამოჩნდა - ავსტრიისა და რუსეთის. ოღონდ, ავსტრია ბრუნდება,
რუსეთი კი პირველად უმასპინძლებს დიდ რბოლას. ავსტრიაში მასპინძელი „რედ ბული“ და
მისივე სახელობის ტრეკი იქნება, რომელიც ზალცბურგის სიახლოვეს მდებარეობს. რუსეთში
კი ტრეკი ქალაქ სოჭის ოლიმპიური სოფლის გარშემო გაივლის.
ნიუ ჯერსის, კორეის და მექსიკის ეტაპები, პირობითად
იყო შეტანილი კალენდრის პირველად ვარიანტში. მაგრამ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის
(FIA) მოტორ სპორტის საბჭომ, რომელიც პარიზში შეიკრიბა, მათზე უარი თქვა. მიზეზი
სხვადასხვაა, მთავარი კი ისაა, რომ გუნდებს არ სურთ კალენდრის მეტისმეტად გაზრდა,
რადგან ეს მათი პერსონალის გადაღლას და ლოჯისტიკური ხარჯების გაზრდას იწვევს.
ნიუ ჯერსი გასული სეზონის კალენდარშიც უნდა
შესულიყო, მაგრამ რბოლის ორგანიზატორებმა ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაბეს თავი.
შემდეგ თითქოს ყველაფერი მოგვარდა, თუმცა ფინანსური გეგმის დალაგება მაინც ვერ
მოხერხდა, ამის გარეშე კი FIA-მ ნიუ ჯერსის კალენდარში ჩასმისგან თავი შეიკავა.
თუმცა, ბერნი ეკლსტოუნი ძალიან მოწადინებულია იმით, რომ ამერიკას ორი ეტაპი ჰქონდეს
და იმედი აქვს, რომ ნიუ იორკის ცათამბჯენების ფონზე რბოლას 2015 წელს მაინც ვნახავთ.
რაც
შეეხება მექსიკას, მისი ეტაპის დაბრუნების საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო,
მაგრამ შემდეგ გაჩნდა ეჭვი იმისა, რომ მექსიკო სიტიში საქალაქო ტრეკის მოწყობა ვერ
მოესწრებოდა და მანაც კალენდარში ადგილი დაკარგა. კორეას კი ყველაზე სერიოზული
მიზეზი ჰქონდა იმისა, რომ ფ1-ს დამშვიდობებოდა - მას ძალიან ცოტა მაყურებელი
ესწრებოდა, რადგან ტრეკი მეგაპოლისებიდან ძალიან შორსაა. ამიტომ კორეულ ეტაპს,
მისი ორგანიზატორებისთვის დიდი წაგება მოაქვს და ამის გამო, ეტაპის შენარჩუნებით
არც ისინი იყვნენ დიდად დაინტერესებულნი. კალენდარში არც ინდური ეტაპია, თუმცა
წინდაწინვე იყო ცნობილი, რომ ეს ეტაპი დროებით ამოვარდა, თავად ორგანიზატორების
თხოვნით, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს, რომ 2015 წელს ისევ დაბრუნდებიან.
ფ1-ის 2014 წლის კალენდარი
16 მარტი - ავსტრალია (მელბურნი)
30 მარტი - მალაიზია (სეპანგი)
6 აპრილი - ბაჰრეინი (სახირი)
20 აპრილი - ჩინეთი (შანჰაი)
11 მაისი - ესპანეთი (ბარსელონა)
25 მაისი - მონაკო (მონაკო)
8 ივნისი - კანადა (მონრეალი)
22 ივნისი - ავსტრია (რედ ბულ რინგი)
6 ივლისი - ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)
20 ივლისი - გერმანია (ჰოკენჰაიმი)
27 ივლისი - უნგრეთი (ბუდაპეშტი)
24 აგვისტო - ბელგია (სპა-ფრანკორშანი)
7 სექტემბერი - იტალია (მონცა)
21 სექტემბერი - სინგაპური (სინგაპური)
5 ოქტომბერი - იაპონია (სუზუკა)
12 ოქტომბერი - რუსეთი (სოჭი)
2 ნოემბერი - შეერთებული შტატები (ოსტინი)
9 ნოემბერი - ბრაზილია (ინტერლაგუში)
23
ნოემბერი - აბუ დაბი (იას მარინა)
No comments:
Post a Comment