Zenos E10 Sports Car to Be Unveiled at the 2014
Autosport International Show
18 დეკემბერი
ახალი კომპანია „ზენოს ქარზი“, რომელიც სპორტული
ავტომობილების წარმოებას აპირებს, თავის პირველ მოდელს, ინდექსით E10, ჟურნალ
„ავტოსპორტის“ საერთაშორისო შოუზე წარადგენს. ეს შოუ ტრადიციულია და მასში
ავტოსპორტში მომუშავე კომპანიები და გუნდები მონაწილეობენ. ის ბირმინგემში, 9-12
იანვარს გაიმართება.
„ზენოს ქარზი“ „კატერჰემის“ ორი ყოფილი მაღალჩინოსნის
- ანსარ ალის და მარკ ედვარდსის კომპანიაა. სხვათა შორის, ეს ორი ადრე „ლოტუსშიც“
მუშაობდა და გასაკვირი არაა, რომ ორივე ავტომობილში პირველ რიგში, სიმსუბუქეს
აფასებს. შესაბამისად, მათი სამივე ავტომობილი, რომელთა წარმოებაც ამ ეტაპზე
იგეგმება, მსუბუქი სპორტქატი იქნება.
„ზენოს E10“ ღია, ტრეკზე ორიენტირებული და
იმავდროულად, საერთო სარგებლობის გზებისთვის ლეგალური ავტომობილია, რომლის ბაზაშიც
„ფორდის“ 2.0-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავია მოთავსებული. ძრავის სიმძლავრე 200
ცხენის ძალაა (7 200 ბრ/წთ-ზე), მაქსიმაკური მაბრუნი მომენტი კი 210 ნიუტონმეტრია
(6 100 ბრ/წთ-ზე). ავტომობილი მხოლოდ 650 კილოგრამს იწონის და მისი
სიმძლავრის და წონის ფარდობა 300 ცხ.ძ/ტონაზე აღწევს. ადგილიდან 100 კმ/სთ
სიჩქარის ასაკრეფად 4.5 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 217 კმ/სთ-ია.
E10-ის შასი წაგრძელებული სისტემაა, რომელიც ექსტრუზირებული
ალუმინისგანაა დამზადებული. ცენტრალურ ნაწილში მას მთელს სიგრძეზე ერთგვარი „ხერხემალის“
ფორმა აქვს, რომელიც შასის სიხისტეს ანიჭებს. მასზე უკნიდან სუბ-ჩარჩო მაგრდება,
რომელზეც ძრავი და ტრანსმისია აეწყობა. „ხერხემალზე“ ასევე მაგრდბა უსაფრთხოების
კაპსულა (მონოკოკი), რომელსაც წინა და უკანა დამცავი რკალები, ასევე გვერდიდან
დაჯახებისას დამცავი ნაჭუჭი აქვს. პილოტი და ერთადრთი მგზავრი სწორედ ამ მონოკოკში
თავსდებიან, რომელიც კარბონის კომპოზიტისგან მზადდება.
სწორედ ამ უნიკალური აგებულებიდან წარმოსდგება
კომპანიის სახელი: სიტყვა „ზენოს“ ორი სიტყვის კომბინაციაა, სადაც „ზენ“
სისუფთავეს ნიშნავს, „ოს“ კი ლათინურად ხერხემალია. E10-ის წარმოება 2014 წელს
დაიწყება. ამ საინტერესო ავრტომობილს უფრო ახლოს ბირმინგემში გაგვაცნობენ და ფასიც
იქვე გამოცხადდება.
No comments:
Post a Comment