Formula One seeking twelfth team for 2015
12 დეკემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ფორმულა
ერთში მე-12 გუნდის შერჩევის პროცესი დაიწყო. ეს ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ისპანია
რეისინგმა“ ფინანსური პრობლემების გამო, ჩემპიონატი დატოვა. FIA-მ
ისეთივე შერჩევის პროცესი წამოიწყო, რომლითაც სამი წლის წინ, დიდი პრიზების ცირკში
სამი გუნდი (ისპანია, კატერჰემი - მაშინდელი ლოტუსი და მარუსია - მაშინდელი
ვირჯინი) შემოუშვა.
გასაკვირია, მაგრამ ტენდერის მსგავს პროცესში მონაწილეობისთვის
განაცხადების მიღება 3 იანვარს მთავრდება. ეს ძალიან მცირე დროა იმისათვის, რომ
თუნდაც ჩამოყალიბებული სტრუქტურის მქონე გუნდმა სრულფასოვანი აპლიკაცია მოამზადოს.
სააპლიკაციო გადასახადი 130 000 დოლარია.
კანდიდატურების განხილვისას, FIA ოთხ მთავარ
ფაქტორს გაითვალისწინებს: 1. გუნდის ტექნიკური შესაძლებლობები და რესურსები; 2. გუნდის
უნარი, ჩემპიონატში მონაწილეობისათვის საჭირო სახსრები მოიზიდოს და ეფექტურად მართოს,
რაც კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში დაეხმარება; 3. გუნდის გამოცდილება და
ადამიანური რესურსები; 4. FIA შეაფასებს იმ ღირებულებას, რასაც ჩემპიონატი კანდიდატის
მიღების შემთხვევაში მიიღებს.
ცნობისათვის, ფ1-ში მაქსიმუმ 13 გუნდის მონაწილეობაა
შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, FIA-ს ორი გუნდის მიღება შეუძლია.
თუმცა, ფედერაცია არ აკონკრეტებს, სულ რამდენი გუნდის დამატება იგეგმება.
No comments:
Post a Comment