Ford Fusion US Sales Surge, Could Challenge
Toyota Camry
18 ნოემბერი
საშუალო ზომის სედან „ფორდ ფიუჟნზე“ ამერიკის ორივე
სანაპიროს დიდ ქალაქებში ნამდვილი ბუმია. ნიუ იორკში, სან ფრანცისკოში, მაიამისა
და ლოს ანჯელესში მომუშავე დილერებს ამ ავტომობილის გაყიდვები მინიმუმ 62
პროცენტით გაეზარდათ. და რაც მთავარია, მყიდველთა შორის ბევრის წინა ავტომობილი „ტოიოტა“,
ან „ჰონდა“ იყო.
გამოცემა „ავტომოტივ ნიუსის“ ინფორმაციით, ნიუ იორკსა
და სან ფრანცისკოში, „ფორდ ფიუჟნის“ გაყიდვები პრაქტიკულად გაორმაგებულია,
მაიამისა და ლოს ანჯელესში კი გაყიდვების ზრდა შესაბამისად, 62 და 77 პროცენტს
აღწევს. „მაიამიში“ მომუშავე დილერ ვიქტორ ბენიტესის თქმით: „ჩვენთან მოდის
მყიდველი, რომელსაც უახლესი და საუკეთესო ავტომობილების მართვა სურს. და ისინი თავის
ძველ „ტოიოტას“, ან „ჰონდას“ ტოვებენ“.
საერთო ჯამში, ამერიკის ბაზარზე „ფიუჟნის“
გაყიდვები 71 პროცენტით არის გაზრდილი. წლის პირველ ათ თვეში ცისფერმა ოვალმა უფრო
მეტი „ფიუჟნი“ გაჰყიდა, ვიდრე შარშან მთელი წლის განმავლობაში. თუმცა ამის
მიუხედავად, ამ სედანის გაყიდვები ჯერ კიდევ ბევრით ჩამორჩება „ტოიოტა ქემრისას“,
ოღონდ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს უკანასკნელი ამერიკის ბაზარზე, უკვე 11
წელია, პირველობას არავის უთმობს (პიკაპების და უგზოობის მოდელების ჩაუთვლელად).
„ფორდმა“ ახლახანს „ფიუჟნის“ წარმოების გაზრდის
გადაწყვეტილება მიიღო, რისთვისაც თავის ფლეტ როკის ქარხანას იყენებს. დირბორნელები
იმედოვნებენ, რომ „ქემრისთან“ ჩამორჩენას თანდათან შეამცირებენ. ცნობისათვის, „ფორდმა“
წელს უკვე 248 033 ცალი „ფიუჟნი“ გაყიდა, „ტოიოტას“ კი 348 134 ცალი „ქემრი“ აქვს
გაყიდული.
No comments:
Post a Comment