McLaren P1 production begins
8 ოქტომბერი
ეს ავტომობილი ლეგენდარული F1-ის შთამომავალია და
ბუნებრივია, მისი წარმოების დაწყება ავტოინდუსტრიაში განსაკუთრებული მოვლენაა. იმის
მიუხედავადაც, რომ ბრიტანული კომპანია მხოლოდ 375 ცალი P1-ის გამოშვებას გეგმავს,
რომელთაგან თითოეული 866 000 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 1.150 მილიონი დოლარი)
ეღირება.
„მაკლარენ P1“ აღჭურვილია ჰიბრიდული ძალური დანადგარით,
რომელშიც 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 და ელექტრო ძრავია გაერთიანებული.
პირველი 727 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მეორე კი - 176 ცხენის ძალას. შიდაწვის
ძრავთან, ორქუროიანი გადაბმით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია შეწყვილებული,
ელექტრული კი ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტებისგან ღებულობს. ამ აგრეგატებით,
ადგილიდან ასის აკრეფას ავტომობილი 2.5 წამში ავითარებს, ორასამდე 7.5 წამი სჭირდება,
სამასამდე კი - 17 წამი. მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს აღწევს.
მას შემდეგ, რაც წარმოების პროცესი სრული ტემპით
ამოქმედდება, უოკინგის ქარხანა ყოველდღიურად ერთ ავტომობილს გამოუშვებს. ქარხანაში
არის სპეციალური სათავსები, საიდანაც შემკვეთს შეუძლია, მისი ავტომობილის
წარმოების მთელ პროცესს მიადევნოს თვალი.
სხვათა შორის, „მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ ყველა
ავტომობილზე, რომლებიც ამერიკის, აზია-წყნარი ოკეანისა და ახლო აღმოსავლეთის
რეგიონებისთვის კვოტით იყო გამოყოფილი, შეკვეთები უკვე მიღებულია. ევროპაში კი
რამდენიმე ავტომობილის შეძენა ჯერაც შესაძლებელია. ამასთან, კომპანია განმარტავს,
რომ ერთი რეგიონისთვის განკუთვნილი ავტომობილი სხვა რეგიონში არ გაიყიდება.
„მაკლარენ P1“
კონკურენციას გაუწევს „ფერარი ლაფერარის“ და „პორშე 918 სპაიდერს“.
No comments:
Post a Comment