დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, October 24, 2013

სლოვაკურმა მფრინავმა ავტომობილმა პირველი ფრენა შეასრულა (ვიდეო)

Slovakian flying car take its first flight
24 ოქტომბერი
მფრინავი ავტომობილი, ან თუ გნებავთ, საგზაო თვითმფრინავი, ადამიანისთვის უცხო ხილი აღარაა - კომპანია „ტერაფუჯა“ ასეთ მანქანას, სახელად „ტრანსიშნს“, უკვე სერიულად აწარმოებს. მაგრამ როგორც ირკვევა, ეს ერთადერთი მფრინავი ავტომობილი სულაც არ ყოფილა. სლოვაკეთში არსებობს მსგავსი ტიპის მანქანა, სახელად „აერომობილ 2.5“, რომელმაც პირველი სატესტო ფრენა ახლახანს შეასრულა.
ეს ავტომობილი დააპროექტა და დაამზადა საავტომობილო დიზაინერმა შტეფან კლაინმა, ვინც „აუდიში“, „ბეემვესა“ და „ფოლკსვაგენშია“ ნამუშევარი. თავისი ნააზრევის განსახორციელებლად, კლაინს 20 წელი(!) დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში მან რამდენიმე პროტოტიპი დაამზადა. სახელი „აერომობილ 2.5“ იმას ნიშნავს, რომ ეს არის მესამე თაობის მფრინავი ავტომობილის პროტოტიპი. პირველი ავტომობილის შემუშავება კლაინმა 1990-იან წლებში დაიწყო. ის ავტომობილი ბოლო პროტოტიპისგან ძიერ განსხვავდება როგორც გარეგნულად, ასევე აგებულებით.
„აერომობილ 2.5-ს“ დასაკეცი ფრთები აქვს, რომელიც გზაზე მოძრაობისას, ავტომობილის გასწვრივ იკავებს ადგილს. აფრენის წინ კი ჰიდრავლიკური სისტემა ფრთებს შლის და აფიქსირებს. აერომობილის სტრუქტურა ფოლადის მილებითაა შეკრული, ძარა კი კარბონის კომპოზიტით დამზადდა. მანქანის სიგრძე თითქმის ექვსი მეტრია, სიგანე (დაკეცილი ფრთებით) – 1.6 მეტრი. ფრთაშლილობა 8.2 მეტრს აღწევს, წონა კი 450 კილოგრამია.
ავტომობილს „როტაქსის“ ძრავი ემსახურება, რომელიც ასევე ატრიალებს უკან განლაგებულ პროპელერს. ძრავის სიმძლავრე 100 ცხენის ძალაა. მას თხევადი გაგრილების სისტემა ემსახურება. სხვათა შორის, სწორედ ამ ძრავით არის აღჭურვილი „ტერაფუჯა ტრანსიშნიც“. გზაზე მოძრაობისას, „აერომობილ 2.5-ის“ მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ს აღწევს, ჰაერში კი სიჩქარე 200 კმ/სთ-ია. ფრენის სიშორე 700 კილომეტრს აღწევს, სვლის სიშორე კი დაახლოებით 500 კილომეტრია.
„აერომობილ 2.5-ით“ უკვე შესრულდა პირველი სატესტო მოკლე ფრენა. კლაინი ამბობს, რომ თავისი შედევრის სერტიფიკაციას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება მისი წარმოება. ოღონდ, ეს იქნება „აერომობილ 2.5-ის“ სერიული ვერსია, სახელად „აერომობილ 3.0“. ამასთან, სერიული წარმოების დასაწყებად, სოლიდური ინვესტიცია იქნება საჭირო.

ვიდეო

No comments:

Post a Comment