დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, October 14, 2013

„ლოტუსის“ არჩევანი ჰულკენბერგია

Hulkenberg 'our choice' for Lotus in 2014 - Boullier
14 ოქტომბერი
ფორმულა ერთის სატრანსფერო ბაზარზე ამჟამად ყველაზე მოთხოვნადი მრბოლი გერმანელი ნიკო ჰულკენბერგია, რომელიც სეზონის მეორე ნახევარში შესანიშნავად ასპარეზობს და ამით ადასტურებს, რომ ტოპ გუნდში ადგილს იმსახურებს. და როგორც ჩანს, მიზანთან ახლოსაა. ყოველ შემთხვევაში, „ლოტუსის“ შეფი ერიკ ბუიე არ მალავს, რომ გერმანელი მრბოლი მისი არჩევანია. ოღონდ...
ოღონდ მთავარი პრობლემა ისაა, როგორი ფინანსური სიტუაცია იქნება გუნდში. „ლოტუსი“ ახალ ინვესტორთან კონტრაქტის გაფორმების მოლოდინშია. ჯერ კიდევ ივნისში გამოცხადდა, რომ გუნდის აქციების 35 პროცენტი ინვესტორთა ჯგუფმა შეიძინა, რომელიც „ინფინიტი რეისინგის“ სახელითაა ცნობილი. მაგრამ იაპონიაში ბუიემ აღიარა, რომ ამ ჯგუფთან კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არაა.
ერთი სირთულე „ინფინიტი რეისინგის“ სახელშია - სახელი „ინფინიტი“ „ნისანის“ პრემიუმ ბრენდს ეკუთვნის, რომელიც „რედ ბულის“ პარტნიორია. ამიტომ, ინვესტორთა ჯგუფმა სახელის გამოცვლა გადაწყვიტა და „კვანტუმი“ დაირქვა. ამას დრო სჭირდებოდა. და დღეს ბუიე ამბობს, რომ „კვანტუმთან“ კონტრაქტის დადება, მისი გუნდის ფინანსური უზრუნველყოფის გარანტია გახდება. და მაშინ ჰულკენბერგის აყვანაზე ფიქრი შესაძლებელი გახდება.
მაგრამ თუ „კვანტუმთან“ შეთანხმება არ შედგა, მაშინ „ლოტუსს“ სპონსორიანი პილოტი დასჭირდება, ჰულკი კი ასეთი არაა. ბუიე აღიარებს, რომ ეს გზა მის გუნდს არაფერში გამოადგება. ამიტომ, ის მოლაპარაკებას სხვა (ჯერ მის სახელს არ ამჟღავნებს) სპონსორთანაც აწარმოებს და „რენოსთანაც“, რომელსაც გუნდის საქმიანობაში მეტ ჩართულობას სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ „ლოტუსი“ სწორედ ფრანგული კომპანიის საჯინიბოს ბაზაზე წარმოიქმნა. სხვათა შორის, სუზუკაზევე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლოტუსს“ მალე ისევ „რენო“ დაერქმევა. ოღონდ, ეს ინფორმაცია არავის დაუდასტურებია.
ამასობაში კი, ედი ჯორდანი, ვინც ამჟამად ბიბისის თანამშრომელია ირწმუნება, რომ ჰულკენბერგს კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს „ფორს ინდიასთან“. თავად მრბოლი კი დაჟინებით იმეორებს, რომ კონტრაქტი ჯერ არავისთან გაუფორმებია. ფ1-ის ყოფილი მრბოლი, ამჟამდ კი ტელეკომენტატორი მარტინ ბრანდლიც ირწმუნება, ნიკომ კონტრაქტი უკვე გააფორმა და ეს კონფიდენციალური წყაროდან ვიცი, რომელსაც ვერაფრით გავთქვამო. და ეს მან „ზაუბერის“ შეფის, მონიშა კალტენბორნის თანდასწრებით თქვა.
„შპიგელი“ წერს, რომ ჰულკისთვის „ლოტუსი“ ერთ-ერთი ვარიანტია, ოღონდ ამ ვარიანტს მხოლოდ მას შემდეგ მიუბრუნდება, რაც „ზაუბერთან“ გაარკვევს სიტუაციასო. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მართლა ასეა, რადგან „ზაუბერმა“ არაერთხელ (ახლახანსაც) დაამტკიცა, რომ მოწინავეებამდე ერთ, მაქსიმუმ ორ ნაბიჯშია.
მოკლედ, სილი სიზონი არც მას შემდეგ განელებულა, რაც კიმი რაიკონენმა „ფერარისთან“ გააფორმა კონტრაქტი და ისე ჩანს, არც ჰულკენბერგის „დაბინავების“ შემდეგ დასრულდება...

No comments:

Post a Comment