Radical RXC will turn your commute into a track
day
12 სექტემბერი
ბრიტანული კომპანია „რადიკალი“ სატრეკო დღეებისთვის
ნახევრად სარბოლი, ლე მანის ტიპის სპორტული პროტოტიპის მსგავსი ავტომობილების
წარმოებითაა განთქმული და მის ორ ავტომობილს, ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის
ორი საუკთესო (აბსოლუტურ კატეგორიაში) დრო ეკუთვნის. შარშან ამ პატარა კომპანიამ
საგზაო ავტომობილების წარმოებაც გადაწყვიტა. და აი, ფრანკფურტში სწორედ ასეთი
ავტომობილი - RXC წარადგინა.
საგზაო ჰომოლოგაცია რომ არა, RXC ნამდვილი სარბოლი
ავტომობილია, თავისი უზარმაზარი სპლიტერი/სპოილერით და უკანა, რეგულირებადი ანტი
ფრთით (GT3 კატეგორიის შესაბამისი), რომლებიც ამ ტიპის ავტომობილისთვის საჭირო დინამიკურ
დატვირთვას უზრუნველყოფენ. კომპანიის განცხადებით, ავტომობილის აეროდინამიკა,
მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობისას, დაახლოებით 900 კილოგრამ ჩაჭიდების ძალას
გამოიმუშავებს, რაც ავტომობილის წონის ტოლია.
„რადიკალ RXC-ის“ მზიდი ელემენტი, ფოლადის
მილებისგან შეკრული სივრცული სტრუქტურაა, რომელზეც კარბონის კომპოზიტისგან
შექმნილი ძარა მაგრდება. ძარა რამდენიმე ნაწილისგან შედგება, რომელთა რემონტიც,
საჭიროების შემთხვევაში, მარტივად და იაფად კეთდება. მანქანას ორი, თოლიას ფრთის
ტიპის კარი აქვს, რომლებიც ვიწრო კოკპიტში მოხვედრას და იქიდან გადმოსვლას
აადვილებს. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 300 მილიმეტრი, სიგანე 1 960 მილიმეტრი,
სიმაღლე 1 127 მილიმეტრი.
ავტომობილი აღჭურვილია „ფორდ მუსტანგის“ 3.7-ლიტრიანი
V6 ძრავით (სერია დურატეკი), რომელიც ბაზაშია განლაგებული და რომლის სიმძლავრეც
380 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 435 ნიუტონმეტრია. ძრავთან
7-საფეხურიანი ნახევრად ავტომტური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომელიც უკანა
ბორბლებს ატრიალებს. კოლოფის საფეხურების შეცვლა, საჭის რგოლის უკან მოთავსებული
ნიჩბებით ხდება. ისევე როგორც ფ1-ის მანქანებისთვის განკუთვნილ კოლოფებზე, ამ კოლოფზეც
საფეხურების წყვილების შეცვლა კორპუსის გვერდზე არსებული „ფანჯრიდან“, ძალიან
სწრაფად ხდება. ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2.8 წამში
შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 280 კმ/სთ-ია.
RXC სარბოლ საკიდარზე დგას, რომელიც ყოველ ბორბალს
მზიდ ელემენტთან წყვილი ჩანგლისებრი ბერკეტით აკავშირებს, დრეკადი ელემენტი კი მბიძგველი
ბერკეტით მუშაობს. ეს საუკეთესო სისტემაა, როდესაც საჭიროა ეგრეთ წოდებული
დაურესორებელი წონის (იმ ელემენტების წონა, რომლებიც ამორტიზატორის მოქმედებას არ
ექვემდებარება) შემცირება. მანქანა 17-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „დანლოპის“
(მარკა სპორტ მაქს) საბურავებით არის შემოსილი. ბორბლების შიგნით, წინ 330 მილიმეტრი,
უკან კი 310 მილიმეტრი დიამეტრის სამუხრუჭე დისკოებია მოთავსებული, რომლებსაც ექვსცილინდრიანი
დამჭერები ემსახურება.
სარბოლი
ავტომობილისთვის შესაფერისად სპარტანულია ინტერიერი. აქ განლაგებულია ორი სპორტული
სავარძელი (კორბიუს წარმოების), მათ შორის ხელის მუხრუჭი, „სპარკოს“ საჭის რგოლი,
მასზე განლაგებული რამდენიმე ღილაკით, ცენტრალურ კონსოლზე გადატანილი მონიტორი,
რომელიც მაჩვენებლების ფუნქციასაც ითავსებს და მის ქვეშ განლაგებული მართვის დაფა,
რამდენიმე ღილაკით. კონსოლის ორივე მხარეს სავენტილაციო მილებია.
No comments:
Post a Comment