დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, September 7, 2013

ფეტელი იტალიის დიდი პრიზის პოულზე

Motor racing-Vettel on pole for Italian Grand Prix
7 სექტემბერი
მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, „რედ ბულზე“ ამხედრებულ სებასტიან ფეტელს ვერც ამ სეზონში დაეწევა ვინმე. მონცაზე ის სტარტს მოწინავე პოზიციიდან აიღებს, რაც უკვე სოლიდური ფორაა. თანაც, მის მთავარ მეტოქე ფერნანდო ალონსოს მასთან სამი პილოტი აშორებს. და შევთანხმდებით იმაზე, რომ გერმანელის მიერ პოულის მოპოვება ჩვეულებრივი ამბავია, იგივეს ვერ ვიტყვით იმაზე, რომ მესამე ადგილზე ნიკო ჰულკენბერგი დადგება. და კიდევ უფრო გასაკვირი კი ისაა, რომ მოწინავე ათეულში არაა ლუის ჰამილტონი - წინა ოთხი ეტაპის კვალიფიკაციის გამარჯვებული. თანაც, კვალიფიკაციის მეორე სექტორში, მისი ბედი „ლოტუსის“ ორივე პილოტმა - კიმი რაიკონენმა და რომენ გროჟანმაც გაიზიარეს.
ალონსოს კი ფელიპე მასამ აჯობა. ორი „ფერარი“ მხოლოდ 0.010 წამმა დააშორა. სესიის მიწურულს, მასა და ალონსო ერთმანეთის მიყოლებით გავიდნენ ტრასაზე. ერთ მომენტში, ალონსომ გუნდს რადიოთი აცნობა, რომ მასა მეტისმეტად წინ იყო. „ფერარის“ კვალიფიკაციისთვის საინტერესო ტაქტიკა ჰქონდა შემუშავებული - მასა ალონსოს უნდა გაძღოლოდა, რომელიც თანაგუნდელის მანქანის მიერ დატოვებულ გაუხშოებულ სივრცეში ივლიდა და წრის ბოლოს, ალბათ პარაბოლიკას წინ, მასას სლიპ სტრიმით გაასწრებდა, რასაც იდეაში მისთვის ფეტელთან მცირე უპირატესობა უნდა მიენიჭებინა. საბოლოოდ, ალონსო ტაქტიკით კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ ამით მის დროს დაახლოებით წამის მეათედი მოაკლდა.
უფრო მეტიც, ესპანელი დარწმუნებულია, რომ ეს ის პოზიციაა, რომელიც „რედ ბულებთან“ ბრძოლის საშუალებას მისცემს. ამაში კი მასაც დაეხმარება, რომელმაც განაცხადა, ალონსო ჩემპიონობისთვის იბრძვის და რასაც გუნდი დამავალებს, იმას შევასრულებო. სხვათა შორის, მოსალოდნელია, რომ „ფერარი“ მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სწორედ მონცას შემდეგ მიიღებს.
ფეტელს კარიერაში უკვე 40 პოული დაუგროვდა. ამჯერად იმ ტრასაზე მოიგო, სადაც თავის კარიერაში პირველი გამარჯვება „ტორო როსოთი“ აქვს მოპოვებული (2008 წელს). სხვათა შორის, „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა აღიარა, რომ სპა და მონცა ის ტრეკებია, რომლებიც მისი გუნდის მახასიათებლებს ნაკლებად შეეფერება. მაგრამ სპაზე ფეტელმა მოიგო, მონცაზე კი ჯერჯერობით უსწრაფესია. ნარბოლევს ფეტელმა განაცხადა, გაოცებული ვარ, რომ წინა რიგში ორივე „რედ ბული“ დადგებაო.
თქმა არ უნდა, ის ვარაუდობდა, რომ პოულისთვის „მერსედესებთან“ მძაფრი პაექრობა მოუწევდა. მაგრამ ნიკო როსბერგი მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა, ჰამილტონმა კი, როგორც უკვე იცით, ფინალურ ეტაპზე გასვლაც კი ვერ შეძლო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბრიტანელს სწრაფ წრეზე გზა გადაუკეტა ადრიან სუტილმა. ეს პარაბოლიკაში მოხდა. სტიუარდებმა დაადგინეს, რომ გერმანელის ქმედება გამიზნული არ ყოფილა, თუმცა იქვე განმარტეს, რომ პილოტი პასუხისმგებელია, მოახლოებული მანქანა შენიშნოს, მითუმეტეს როცა ნელ წრეზე იმყოფება. მოკლედ, სუტილს სტარტზე სამი ადგილით უკან (მე-17-ზე) დადგომა მოუწევს.
სხვათა შორის, ჰამილტონმა თავისი ჩავარდნის მიზეზებზე საუბრისას, სუტილი არც კი ახსენა და განაცხადა, რომ იდიოტივით იასპარეზა: „უბრალოდ, ისე ვიასპარეზე, როგორც იდიოტმა. ასე ცუდად, ძალია, ძალიან დიდი ხანია, არ მიასპარეზია. გუნდს ბოდიშს ვუხდი. კარგი რბოლა არაფრით გამომივიდა. პირველ ფაზაში სწრაფი ვიყავი. მერე რაღაც დამემართა“.

რაც შეეხება ჰულკენბერგს, მისი შედეგიც სენსაციათა რანგისაა, რადგან „ზაუბერი“ ამ სეზონში ელემენტარულად არ ვარგა. ოღონდ, აქ ერთი ნიუანსია საინტერესო. შვეიცარიული საჯინიბოს მანქანის მთავარი ნაკლი ისაა, რომ გზასთან ჩაჭიდება არ უვარგა, რაც აეროდინამიკის ბრალია. მონცა კი უსწრაფესი ტრეკია, რომელზეც აეროდინამიკა არაა მთავარი. ჰოდა, ჰულკიმ და „ზაუბერმაც“ გაიბრწყინეს.

იტალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:23.755
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:23.968
3. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:24.065
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:24.132
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:24.142
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:24.192
7. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:24.209
8. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                       1:24.502
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:24.515
10. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)           1:28.050
- - - - - - - - - -
11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                      1:24.610
12. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)      1:24.803
13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)               1:24.848
14. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)           1:24.932
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)   1:25.011
16. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:25.077
- - - - - - - - - -
17. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:25.226
18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                1:25.291
19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი) 1:26.406
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                    1:26.563
21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                    1:27.085
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:27.480

No comments:

Post a Comment