Ferrari reports fewer sales, more profit to prove
strategy is working
3 აგვისტო
ბევრს ალბათ ძალიან გაუკვირდა, როდესაც „ფერარის“ თავმჯდომარე
ლუკა დი მონტეძემოლომ განაცხადა, რომ მისი კომპანიისთვის უმჯობესი იქნება, თუ
გაყიდვებს შეამცირებს - ამით ექსკლუზიურობის ხიბლს შეინარჩუნებს და მოგებაც გაიზრდებაო.
შესაძლოა, ვინმეს ეს შეუძლებლადაც მოეჩვენა, მაგრამ ლუკამ კარგად იცის, რასაც
აკეთებს და რასაც ამბობს. ასეთი სტრატეგიის პირველი დადებითი შედეგები კი ამ
განცხადებიდან სულ რაღაც ორიოდ თვეში გამოვლინდა.
წლის პირველი ნახევრის შედეგებით, „ფერარის“ შემოსავალი
7.1 პროცენტით გაიზარდა და 1.7 მილიარდ ევროს მიაღწია. გაცილებით მაღალი ტემპით
იზრდება სუფთა მოგება, რომელიც 20 პროცენტით გაიზარდა და 116.2 მილიონ ევროს
მიაღწია. სულ ამ პერიოდში მარანელოელებმა კლიენტებს 3 767 ავტომობილი მიაწოდეს,
რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2.8 პროცენტით მეტია. ამასთან, პირველ
კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალში ზრდის ტემპი შემცირდა.
„ფერარი“ ცდილობს, რომ წლის განმავლობაში გაყიდული
ავტომობილების რიცხვი 7 000-ზე დაბლა დასწიოს. მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება,
რადგან გაყიდვები იზრდება ამერიკაში, ბრიტანეთსა და გერმანიაში. იაპონიასა და ახლო
აღმოსავლეთში კი ზრდის პროცენტული მაჩვენებელი ორნიშნაა. სამაგროდ, გაყიდვები
შემცირებულია (სულ რაღაც, 50 ერთეულით) ჩინეთში.
მართალია, ჯერჯერობით მარანელოელები გაყიდვების
შემცირებას ვერ ახერხებენ, მაგრამ ზრდის ტემპის შენელებამ თავისი პირველი დადებითი
შედეგი მათ უკვე მოუტანა - გაყიდვების მხოლოდ ორი პროცენტით ზრდას, სუფთა მოგების
20 პროცენტით ზრდა მოჰყვა, რაც შესანიშნავი შედეგია.
იტალიური კომპანიის განცხადებით, ყველაზე მეტი
პოპულარობით „458 იტალია“, „458 სპაიდერი“ და სრულამძრავიანი FF სარგებლობს.
მოთხოვნა შენარჩუნებულია უკვე საკმაოდ მოძველებულ „F12 ბერლინეტასა“ და ღია „კალიფორნიაზე“.
რაც შეეხება უახლეს ფლაგმან „ლაფერარის“, ის სათვალავში მისაღები არცაა, რადგან
პრემიერამდე უკვე გაყიდული იყო.
ევროპაში ყველაზე მეტ „ფერარის“ ბრიტანეთში
ყიდულობენ. მარანელოელებმა პირველ ექვს თვეში იქ 415 ავტომობილი გაჰყიდეს.
გერმანიაში 388 ავტომობილია გაყიდული. 116 ერთეულამდეა შემცირებული გაყიდვები
იტალიაში. ყველაზე მეტი, 1048 ავტომობილი კი ამერიკაში გაიყიდა. საშუალოდ, „ფერარის“
ავტომობილებზე მოლოდინის პერიოდი 12-18 თვეა.
დაბოლოს,
არნახული პოპულარობით სარგებლობს „ფერარის“ მუზეუმი მარანელოში, რომლის ვიზიტორთა
რაოდენობა 30 პროცენტით, 140 000-მდე არის გაზრდილი.
No comments:
Post a Comment