დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, June 15, 2013

„ATS სპორტ 1000“ - ავტომობილი სპორტისა და ქუჩისთვის

ATS SPORT 1000 PRESS PACK
15 ივნისი
იტალიური კომპანია ATS, ანუ „აუტომობილი ტურიზმო სპორტ“, 1962 წელს დააარსეს
ფერარის“ ფ1-ის ინჟინრებმა, კარლო კიტიმ და ჯოტო ბიძარინიმ. კომპანიის ფილოსოფია თავიდანვე იმ ეპოქის სულისკვეთებას ასახავდა - სუპერ ავტომობილის მახასიათებლებს შეიძლება მიაღწიო მსუბუქი მასალების და კომპაქტური, თუმცა საკმაოდ მძლავრი ძრავების ხარჯზე.
სწორედ ამ სულისკვეთებით შეიქმნა ღია სარბოლი პროტოტიპის კლასის ავტომობილი „სპორტ 1000“, რომელიც უჟანგავი ფოლადის მილებისგან შეკრულ შასის ეყრდნობა. შასი, რომლის ჩარჩოც ალუმინის ფურცლებითაა შემოკრული, მხოლოდ 55 კილოგრამს იწონის. მძიმე არც მანქანის ტანია, რომელიც შუშაქსოვილის კომპოზიციური მასალებითაა დამზადებული. ის 57 კილოგრამს იწონის და იმითაცაა საინტერესო, რომ 5 წუთში მთლიანად შეიძლება მოხსნათ.
ავტომობილს მიღებული აქვს FIA-ს ჰომოლოგაცია, რაც ამ ავტომობილით (ATS სპორტ 1000 რეის) საერთაშორისო რბოლებში მონაწილეობის უფლებას იძლევა. ამასთან, ATS მის საგზაო ვერსიასაც (ATS სპორტ 1000 რეის სტრიტ) გვთავაზობს, რომელზეც ასევე შესაბამისი ლიცენზია აქვს მიღებული.

სარბოლო ვერსია მზადდება, როგორც ძრავით, ასევე მის გარეშე და ამ შემთხვევაში, მყიდველს თავად შეუძლია მასზე სასურველი აგრეგატის და ტრანსმისიის დაყენება. არჩევანი კი დიდია. 4-ცილინდრიანი ძრავის და ტრანსმისიის დონორები კი „იამაჰას“, „კავასაკის“, „სუზუკის“, „MV აგუსტას“ და „ჰონდას“ მოტოციკლებია.
რაც შეეხება „ATS სპორტ 1000 სტრიტს“, ის სრულად დაკომპლექტებული ავტომობილია. ის აღჭურვილია „კავასაკი ნინძა 1000-ის“ ოთხცილინდრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 200 ცხენის ძალას აღწევს. ავტომობილის მშრალი წონა მხოლოდ 380 კილოგრამია. მის მყიდველს ასევე შეუძლია სარბოლი პაკეტის შეძენაც, რაც თავისი ავტომობილით რბოლებში მონაწილეობის საშუალებასაც მისცემს.
ტრანსმისიაში გამოყენებულია ჯაჭვით გადაცემა, დიფერენციალი გაზრდილი ხახუნისაა. საკიდარში ბორბლებსა და შასის შორის კავშირს ჩანგლისებრი ბერკეტები უზრუნველყოფს, რომლებშიც ტეფლონის ნაწილები და ბურთულისებრი სახსრებია გამოყენებული. ამორტიზატორები რეგულირებადია.
სარბოლ ავტომობილს აქვს წინა და უკანა დამცავი რკალები, რომლებიც პილოტს მანქანის გადაყირავების შემთხვევაში დაიცავს. წინიდან „ATS სპორტ 1000-ს“ ენერგიის შთანმთქმელი სტრუქტურა აქვს, რომელიც წინიდან შეჯახების შემთხვევაში, დარტყმის ძალის ნაწილს ითვისებს და კოკპიტს დეფორმაციისგან იცავს. საწვავის ავზი ალუმინისგანაა დამზადებული და მასში გამოყენებულია აფეთქებისგან დამცავი ტექნოლოგია. სავარძლები ექვსწერტილოვანი ღვედებითაა აღჭურვილი, საჭის ღერძი კი ავარიის შემთხვევაში იკეცება და ამგვარად, პილოტს ტრავმებისგან იცავს.

ATS სპორტ 1000-ის“ სარბოლო ვერსიის საბაზო ფასი 24 990 ევროა, საგზაო ვერსიისა კი - 43 500 ევრო.

No comments:

Post a Comment