დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 9, 2013

„მაზერატი“ საკუთარ „ლაფერარის“ გამოუშვებს


Maserati to launch LaFerrari-based hypercar
9 მაისი
ახალ სუპერ ავტომობილზე, იტალიური კომპანია თავისი ნათესავის V12 ძრავს გამოიყენებს, ოღონდ ჰიბრიდული აგრეგატის გარეშე. ისევე როგორც „MC12 სტრადალე“ იყო ბაზირებული „ფერარი ენცოზე“, ასევე მისი შემცვლელის ბაზისად, უახლეს „ლაფერარის“ გამოიყენებენ. სხვათა შორის, მათ, ვისაც „ლაფერარის“ შეძენა სურდათ, მაგრამ ამას ვეღარ შეძლებენ იმის გამო, რომ მარანელოელებმა წარმოების ლიმიტი შეკვეთებით უკვე ამოწურეს, ფაქტობრივად, ამ ავტომობილის „მაზერატის“ მარკით შეძენის საშუალება ექნებათ.

ოღონდ, ეს ინფორმაცია დადასტურებული ჯერ არაა. შანჰაის მოტორ შოუზე, ჟურნალმა „ავტოქარმა“ იტალიური კომპანიის შეფ ჰარალდ ვესტერს ამ თემაზე კითხვა დაუსვა, რაზეც ორაზროვანი პასუხი მიიღო: „კარგი დროა იმისათვის, რომ ახალი სუპერ ავტომობილის გამოშვებაზე ვიფიქროთ. მართალია, ამ ეტაპზე გაყიდვების გაზრდა ჩვენი მთავარი საზრუნავია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ავტომობილის გამოშვების შესაძლებლობა მოგვეცა“.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, „მაზერატის“ სუპერ ავტომობილი „ლაფერარის“ მონოკოკურ შასის დაეყრდნობა და მისგანვე საკიდარს და სხვა ბევრ კომპონენტსაც გაიზიარებს. ძრავს, სანამ „მაზერატიზე“ დააყენებენ, სიმძლავრე მოაკლდება - „მაზერატის“ ავტომობილი „ფერარისას“ ვერ უნდა უტოლდებოდეს. არაა გამორიცხული, რომ ახალ სუპერ ავტომობილზე „მაზერატი კვატროპორტეს“ 3.8-ლიტრიანი V8 გამოიყენონ, რომელიც ტურბოკომპრესორის დახმარებით, მნიშვნელოვნად გაძლიერდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, „მაზერატის“ სუპერ ავტომობილი „ლაფერარიზე“ მსუბუქი გამოვა, რადგან მას არ ექნება ელემენტების ბლოკი და ჰიბრიდული სისტემის სხვა ელემენტები. თუმცა, „ლაფერარიზე“ სწრაფი ის მაინც არ იქნება - ესეც სუბორდინაციის პირობაა.
ცნობისათვის, MC12 იყენებდა „ენცოს“ V12 აგრეგატს, რომლის სიმძლავრეც, 651-დან 620 ცხენის ძალამდე შემცირდა. შესაბამისად, განსხვავება იყო სიჩქარეებს შორისაც: „მაზერატი MC12“ 328 კმ/სთ-ს ავითარებს, „ენცო“ კი - 347 კმ/სთ-ს. ამ განსხვავებათა მიუხედავად, „მაზერატის“ სუპერ ავტომობილის ფასი „ლაფერარისასთან“ ახლოს იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, „ფიატს“ (რომლის ჯგუფშიც შედს მაზერატიც და ფერარიც) სურს, რომ მარანელოელებმა 499-ზე მეტი „ლაფერარი“ გამოუშვან. მაგრამ ეს ალბათ არ მოხერხდება. ასე რომ, ხელმოცარულ მყიდველს, არანაკლებ ეფექტური „მაზერატის“ სუპერ ავტომობილით დაკმაყოფილება მოუწევს.
ვესტერს ასევე მოსწონს „ალფა რომეო 4C-ს“ „მაზერატისეული“ ვერსიის გამოშვების იდეა და დასძინა, რომ მისი კომპანია „პორშე 911-ის“ კონკურენტს 2015 წელს გვიჩვენებს. მისი თქმით, „მაზერატი“ არ გამოუშვებს „ლევანტეზე“ მომცრო ზომის უგზოობის ავტომობილს. ცნობისათვის, „ლევანტე“ „პორშე კაიენის“ კონკურენტი იქნება. ამასთან, არც „გიბლიზე“ პატარა სედანის და ოთხცილინდრიანი ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების წარმოება იგეგმება.

No comments:

Post a Comment