დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, May 5, 2013

ლოებმა ზედიზედ მერვედ მოიგო არგენტინის რალი

Loeb wins in Argentina for eighth year in a row
5 მაისი
მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა ზედიზედ მერვედ მოიგო არგენტინის რალი და ამით, თანამემამულე სებასტიან ოჟიეს დაუმარცხებელი სერია შეაჩერა. ისევე როგორც მონაკოში, ამჯერადაც მეორე ადგილს ოჟიე დასჯერდა, ვინც წინა სამი რბოლა მოიგო და დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს.
13-დან 5 ეტაპის შემდეგ, ჩემპიონტს სწორედ ოჟიე ლიდერობს, (სამი მოგება და ორი მეორე ადგილი) რომელსაც 122 ქულა აქვს. მეორეზე ლოებია, რომელსაც 68 ქულა დაუგროვდა, არადა მხოლოდ სამ ეტაპზე იასპარეზა და თანაც, ტიტულისთვის არ იბრძვის, რადგან მის პროგრამაში, მხოლოდ რამდენიმე რბოლაში მონაწილეობა შედის. ამგვარად, ოჟიეს უახლოესი კონკურენტი მიკო ჰირვონენია, რომელსაც 57 ქულით მესამე ადგილი უკავია.
„აქ გამარჯვება ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულია. რამდენიმე თვეა, გრუნტიან გზებზე არ მიასპარეზია და თავიდან საკმაოდ გამიჭირდა. მერე კი მანქანა ვიგრძენი და რბოლა უშეცდომოდ ჩავატარე“, - ყვება ჩემპიონი, ვისაც ამ სეზონში მხოლოდ ოთხ ეტაპზე გამოსვლა აქვს დაგეგმილი. სამში უკვე იასპარეზა, რომელთაგან ორი მოიგო და ერთხელ (შვედთში) მეორე ადგილს დასჯერდა. მეოთხე გამოსვლა კი საფრანგეთში, სეზონის მიწურულს ექნება.
ამგვარად, ლოებს კარიერაში 78 გამარჯვება დაუგროვდა და როგორც ჩანს, ბოლო რბოლა მოიგო გრუნტიან გზებზე, რადგან საფრანგეთში ასფალტზე მოუწევს ასპარეზობა. ბოლო სპეცმონაკვეთზე, სახელად ელ კონდორ, არგენტინასთან ლეგენდარული ფრანგის დამშვიდობებას, 80 000 მაყურებელი დაესწრო.
სხვათა შორის, ოჟიემ პირველი დღის პირველი ექვსიდან ხუთი სპეცმონაკვეთი მოიგო, მაგრამ დღე მაინც მეორე ადგილზე დაასრულა, რადგან მეშვიდეზე შეცდომა დაუშვა და მესამე ადგილამდ ჩამოქვეითდა. შემდეგ კი, მცირე პრობლემების მიუხედავად, მაინც შეძლო ლოების თანაგუნდელ ჰირვონენის ჩამოტოვება.
შემდეგი რბოლა, აკროპოლისის რალი, მაისის ბოლოს დაიწყება.

არგენტინის რალის შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)             4:35:56.7
2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)           + 55.0
3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)         + 2:00.8
4. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                           + 2:36.7
5. ტიერი ნოივილი (ბელგია, ფორდი)                             + 4:40.5
6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)                        + 6:23.9
7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                           + 11:02.2
8. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)        + 13:22.1
9. დანი სორდო (ესპანეთი, სიტროენი)                          + 13:22.3
10. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                          + 14:07.6

No comments:

Post a Comment