Rosberg wins in Monaco for Mercedes
26 მაისი
როგორც იქნა, ნიკო როსბერგმა პოულ პოზიცია გამარჯვებით
დააგვირგვინა. კეკე როსბერგის მონაკოში ტრიუმფიდან 30 წლის შემდეგ, ქალაქ სახელმწიფოს
ქუჩებში მისმა შვილმაც გაიმარჯვა და ეს ფ1-ში პირველი შემთხვევაა, როდესაც ყველაზე
პრესტიჟულ რბოლას მამა-შვილი იგებს. ნიკოს ხელი ვერც იმ გარემოებამ შეუშალა, რომ
ტრასაზე ორჯერ გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა, ერთხელ კი რბოლა შეწყდა კიდეც. და
რაც მთავარია: ბევრს ეგონა, რომ „მერსედესის“ ბოლიდის უკან, პელოტონი ჩამწკრივდებოდა.
მაგრამ ასე არ მოხდა. ყოველი რესტარტის შემდეგ, ნიკო ახერხებდა მდევრების უკან
ჩამოტოვებას...
„ბედნიერი ვარ. შინ მოვიგე. მე აქ გავიმარჯვე და
ამიტომ, ეს გამარჯვება ჩემთვის განსაკუთრებულია. მთელი კვირა შესანიშნავად
წარიმართა. მანქანა კარგად მუშაობდა. საბურავებმაც გამიძლო და მთავარი ეს იყო.
აღფრთოვანებული ვარ“, - განაცხადა როსბერგმა, ვისაც სტარტიდან ფინიშამდე, ერთხელაც
არ დაუთმია ლიდერობა.
მოგებული დარჩა სებასტიან ფეტელიც, რომელმაც ორივე
მთავარ მეტოქესთან - კიმი რაიკონენთან და ფერნანდო ალონსოსთან უპირატესობა
გაზარდა. მან მეორე ადგილი მას შემდეგ ჩაიგდო ხელში, რაც „მერსედსის“ პილოტებმა
პირველი პიტსტოპი ერთდროულად შეასრულეს. უფრო სწორედ, ერთმანეთის მიყოლებით. ეს 32-ე
წრეზე მოხდა. მას შემდგ, რაც ფელიპე მასას ავარია მოუვიდა და ამის გამო, ტრასაზე
უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.
ერთი წრით ადრე, ბოქსში ფეტელიც იყო. სამქიმიანებმა
კი სარბოლო განლაგების მიხედვით მიიღეს თავიანთი პილოტები. როსბერგი პირველი იყო.
ჰამილტონი კი, რეიდზე მოგვიანებით დადგა და პიტლეინზე ჩვეულებრივზე ნელი ტემპით
შევიდა. მოკლედ, ტრასაზე რომ დაბრუნდნენ, რეისკარმა თავის უკან როსბერგი დააყენა,
ჰამილტონის წინ კი ორივე „რედ ბული“ აღმოჩნდა. ბრიტანელმა კი სცადა ვებერის უკან
ჩამოტოვება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. არადა, ერთ მომენტში, თითქოს მიზანს
მიაღწია, თუმცა არახელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და ავსტრალიელმაც იქვე დაიბრუნა „თავისი“
მესამე ადგილი, რომელიც ბოლომდე აღარავისთვის დაუთმია. შეგახსენებთ, რომ ვებერმა მონაკოს
რბოლა შარშან მოიგო.
რაიკონენმა ზედიზედ 23-ე რბოლა დაასრულა ქულებში.
თუმცაღა, ამჯერად ერთადერთ ქულას დასჯერდა. ამის მიზეზი კი, უფრო სწორედ, ამაში
დამნაშავე სერხიო პერესია, რომელმაც რბოლის უმეტესი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარა,
მაგრამ რბოლის მიწურულს, ფინელის გასწრება არარეალურ სიტუაციაში სცადა, რაც მათი
შეჯახებით დასრულდა. მექსიკელის მანქანა წინა მარცხენა ბორბლით ზღუდესაც შეეჯახა.
ორივემ შეძლო გზის გაგრძელება. რაიკონენმა მაშინვე ბოქსებს მიაშურა და დაზიანებული
ფრთა გამოაცვლევინა. პერესმა კი წინა ფრთის დაზიანების მიუხედავად, გზა გააგრძელა.
მაგრამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ფინიშამდე 6 წრით ადრე, ასპარეზობა შეწყვიტა.
არადა, შუა რბოლაში, ჯერ ძალიან აგრესიული
მანევრით, პერესმა თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი ჩამოიტოვა, მოგვიანებით კი ალონსოც
ზედ მიაყოლა. ოღონდ, ესპანელს სტიუარდების გადაწყვეტილებით გაასწრო. საქმე ისაა,
რომ 44-ე წრეზე, გვირაბიდან პირველ
მოსახვევში (ნუველ შიკეინ), პერესი ალონსოს გვერდში ამოუდგა და მართალია, გარე
ტრაექტორიაზე იყო, ალონსომ მაინც მოსახვევის მოჭრით დაიცვა პოზიცია. მალე რბოლა
შეწყდა - ჟიულ ბიანკიმ პასტორ მალდონადო დაამტვრია (საბედნიეროდ, ტრავმების გარეშე).
პაუზის დროს კი სტიუარდებმა მომხდარი განიხილეს და დაადგინეს, რომ ალონსომ პოზიცია
სწორედ მოსახვევის მოჭრით დაიცვა. ამიტომ, რბოლა განახლდა თუ არა, ალონსომ პერესი
გაატარა.
პერესის გარდა, გასწრებებით თავი ადრიან სუტილმაც
გამოიჩინა. გერმანელმა ბრძოლით გაიკაფა წინ გზა, ბატონს და ალონსოს მანაც გაასწრო
და საბოლოოდ, მეხუთემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი. განსაკუთრებით ეფექტური ალონსოს
გასწრება იყო, რომელიც ძალიან ნელ მოსახვევში, გრანდ ჰოტელთან ჩამოიტოვა.
ეფექტური
შეჯახება ჰქონდათ რომენ გროჟანს და დანიელ რიკიარდოს, რომელიც ასევე გვირაბიდან
გამოსასვლელში მოხდა. ეს ის ადგილია, სადაც პილოტებს მხედველობის წამიერი
გაუარესება აქვთ ხოლმე იმის გამო, რომ გვირაბიდან სწრაფად უწევთ მკვეთრ შუქში გამოსვლა.
გროჟანი მეტოქეს უკნიდან შეეჯახა, რაც სწორედ ამ მომენტალური დაბრმავების ეჭვს
აღძრავდა, თუმცა სტიუარდებმა მომხდარში ფრანგის ბრალი აღმოაჩინეს, რის გამოც, მომდევნო
რბოლაში, მას სტარტზე ათი ადგილით უკანდახევა მოუწევს.
მონაკოს დიდი პრიზი
მონტე კარლო, დისტანცია 260.520 კმ (3.340 კმ, 78
წრე)
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 2:17:52.056
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) +00:03.888
3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:06.314
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:13.894
5. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 00:21.477
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:23.103
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:26.734
8. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო) 00:27.223
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 00:27.608
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 00:36.582
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი) 00:42.572
12. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 00:42.691
13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 00:43.212
14. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 00:49.885
15. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი) 01:02.590
16გ. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი) 6 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 15 წრე
გ. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 17 წრე
გ. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 20 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 34 წრე
გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 50 წრე
გ. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი) 71 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი
წრე: სებასტიან ფეტელი - 1:16.577, 77-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 107 ქულა; 2. კიმი რაიკონენი
- 86; 3. ფერნანდო ალონსო - 78; 4. ლუის ჰამილტონი - 62; 5. მარკ ვებერი - 57; 6. ნიკო
როსბერგი - 47; 7. ფელიპე მასა - 45; 8. პოლ დი რესტა - 28; 9. რომენ გროჟანი - 26;
10. ჯენსონ ბატონი - 25; 11. ადრიან სუტილი - 16; 12. სერხიო პერესი - 12; 13. დანიელ
რიკიარდო - 7; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 5; 15. ჟან-ერიკ ვერნი - 5
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 164 ქულა; 2. ფერარი - 123; 3. ლოტუს-რენო
- 112; 4. მერსედესი - 109; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 44; 6. მაკლარენ-მერსედესი
- 37; 7. ტორო როსო-ფერარი - 12; 8. ზაუბერ-ფერარი - 5
No comments:
Post a Comment