Raikkonen fumes at Perez over “stupid move”
26 მაისი
კიმი რაიკონენი უკმაყოფილოა მონაკოში დაკავებული მეათე
ადგილით და ამბობს, რომ ქულები სერხიო პერესის „სულელურმა სვლამ“ დააკარგვინა.
ფინელი და მექსიკელი პილოტები ერთმანეთს გვირაბის შემდგომ არსებულ ახალ შიკეინში
დაეჯახნენ, როდესაც პერესი „ლოტუსსა“ და კედელს შორის არსებულ ღრიჭოში გაძრომას
ცდილობდა, რომელიც მისი „მაკლარენისთვის“ მეტისმეტად ვიწრო აღმოჩნდა.
„ძალიან გაწბილებული დავრჩი. სერხიოს ერთი სულელური
სვლის გამო, სებასტიანთან (ფეტელთან) ბევრი ქულა წავაგე. ასეთი რამ დაუშვებელია,
როცა ტიტულისთვის იბრძვი. ის უკნიდან დამეჯახა. მე აქ ვერაფერს მოვახერხებდი. ის
თუ ფიქრობს, რომ მომხდარი ჩემი ბრალია, რადგან მოსახვევს ჩემზე სწრაფად
მიუახლოვდა, მაშინ წარმოდგენა არ აქვს, რაზე ლაპარაკობს“, - ამბობს რაიკონენი და
დასძენს:
„ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ის რბოლისას
ვენმეს ეჯახება. ხალხი მისგან ყველაფერს უნდა ელოდოს. თუ დაინახავენ, რომ ძალიან
სწრაფად უახლოვდება მოსახვევს, გზიდან უნდა ჩამოეცალონ, ან პირდაპირ გააგრძელონ
გზა. თუ არა, მაშინ ალბათ ვინმეს დაეჯახება. რას ვიზამ, ეს ჩემი რბოლა არ იყო. ბოლოსდაბოლოს,
ერთი ქულა მაინც ავიღე და ესეც საქმეა“.
კიმისგან განსხვავებით, პერესი იმავე მოსახვევში
შეჯახების გარეშე გაუსწორდა ფერნანდო ალონსოს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც შეჯახების
ზღვარზე მოქმედებდა და ესპანელს მოსახვევი რომ არ მოეჭრა, ისინიც დაეჯახებოდნენ. თუმცა,
ამ შემთხვევაში სტიუარდებმა დაადგინეს, რომ ალონსოს თავისი მანევრი შეჯახების
თავიდან ასარიდებლად არ შეუსრულებია და რბოლის განახლებამდ აცნობეს მას, რომ
მექსიკელი უნდა გაეტარებინა.
ალონსოს ეს არ გაუპროტესტებია: „სერხიოს მიდგომა,
ჩემსას მაგონებს 2008-2009 წლებში. ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩემპიონობისთვის არ
იბრძვი. ამ დროს მეტად რისკავ. დღეს კი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ფინიშამდე
მიღწევა და რაც შეიძლება მეტი ქულის აღება იყო“.
No comments:
Post a Comment