დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 25, 2013

„მერსედესის“ დუბლი, როსბერგის მესამე პოული

Rosberg puts Mercedes on pole in Monaco
25 მაისი
ნიკო როსბერგი ისევ პირველი დადგება სტარტზე. უკვე ზედიზედ მესამედ! და თუ წინა ორ რბოლაში, ამ უპირატესობის გამარჯვებად ქცევა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა „მერსედესის“ არაკონკურენტუნარიანმა (რბოლაში) მანქანამ, მონაკოში სულ სხვა პირობებია. მონაკოს ვიწრო ქუჩებში გასწრება მაშინაც ძალიან ძნელია, თუ მეტოქეს წრეზე ორ წამსაც კი უგებ. ამიტომ, როსბერგს თავისუფლად შეუძლია, სტარტიდან ფინიშამდე, თავის უკან ატაროს პელოტონი. რა თქმა უნდა, ახლა მთავარი კარგი სტარტის აღებაა, რაც გერმანელ მრბოლს ხელეწიფება.
როსბერგმა ზედიზედ მესამე პოული მოიპოვა, მისმა გუნდმა კი - ზედიზედ მეოთხე! საოცარია, რომ კვალიფიკაციაში ასეთ სოლიდურ უპირატესობას, სამქიმიანები რბოლაში ვერ ინარჩუნებენ. უფრო მეტიც, რბოლისას ისინი საერთოდაც „იკარგებიან“. სწორედ ამის თქმაა ზედგამოჭრილი ლუის ჰამილტონის გამოსვლაზე ესპანეთში, სადაც სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო და ფინიშს ათი ადგილით უკან მიაღწია.
თუ პირველი სასტარტო რიგი „მერსედესის“ მრბოლთა ნადავლია, მეორე რიგში ორი „რედ ბული“ დადგება. ოდნავ წინ სებასტიან ფეტელია, რომელიც თავისი შედეგით უკმაყოფილო დარჩა და აღიარა, ეს მხოლოდ ჩემი ბრალიაო. ისე კი, მანქანითაც კმაყოფილი დარჩა და რაც მთავარია იმიტაც, რომ ორივე მთავარი მეტოქე - ფერნანდო ალონსო და კიმი რაიკონენი, მის უკან დადგებიან. აღსანიშნავია, რომ ფეტელს კვალიფიკაციის მეორე სეგმენტში საუკეთესო დრო ჰქონდა და გადაწყვეტი სეგმენტის დასაწყისშიც ყველაზე სწრაფი იყო. რაიკონენი და ალონსო მესამე რიგში დადგებიან.
სხვათა შორის, როსბერგს ფ1-ის ისტორიაში შესვლის რეალური შანსი აქვს - თუ მოიგებს, ის გახდება მონაკოს დიდი პრიზის გამარჯვებულების შვილებს პირველი, ვინც სამეფოს ქუჩებში რბოლისას, მამის მიღწევას გაიმეორებს - ნიკოს მამას, მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონ კეკე როსბერგს, მონაკოში 1983 წელს მოუპოვებია გამარჯვება (უილიამსით).
„ასეთ სტატისტიკას რომ ეცნობი, ყოველთვის საინტერესოა. მაგრამ რბოლაში ეს ვერაფერს შეცვლის ჩემს სასარგებლოდ. ბარსელონაში რბოლისას ძალიან გამიჭირდა და გამარჯვებულს წუთზე მეტით ჩამოვრჩი. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაუმჯობესებთ მანქანას, მაგრამ ჯერაც ბევრი რამ გვაქვს მოსაგვარებელი. საბურავების სწრაფი ცვეთა ისევ ჩვენი მთავარი პრობლემაა. ვნახოთ“, - ყვება როსბერგი.
ჰამილტონი თანაგუნდელს 0.091 წამით ჩამორჩა და მეორე ადგილზე მეტად იმ ფაქტმა გაახარა, რომ პრობლემები, რომლებიც პრაქტიკებზე ჰქონდა, ხელს აღარ უშლიდა. ბრიტანელი ამბობს, რომ ისეთი პრობლემები, როგორსაც ბარსელონაში და მონაკოს პრაქტიკებზე გადაწააწყდა, 2005 წლის შემდეგ არ შექმნია.
კვალიფიკაციის დაწყებამდე, ცოტა ხანს იწვიმა, რის გამოც, რბოლა ლატარეით დაიწყო. მესამე პრაქტიკაზე მომხდარი ავარიის გამო, კვალიფიკაციაზე ვერ იასპარეზე ფელიპე მასამ. მართალია, სველ ტრასას სერიოზული ინციდენტები არ გამოუწვევია, მაგრამ ლატარეის ელემენტები კი შეიტანა. სწორედ ამ ლატარეას ვერ აუღეს ალღო პოლ დი რესტამ და ესტებან გუტიერესმა. სამაგიეროდ, მეორე სეგმენტში „კატერჰემის“ ჰოლანდიელი გიედო ვან დერ გარდე გავიდა, რომელსაც ერთხანს მეექვსე დროც კი ჰქონდა და ცოტა დააკლდა, ათეულის საგზურიც მოენადავლებინა.

არ გაუმართლა პასტორ მალდონადოსაც, რომელსაც პირველ სეგმენტში, მეორე საუკეთესო დრო ჰქონდა. საბოლოოდ კი, მეორე სეგმენტში, ცხრილის ბოლოში აღმოჩნდა, თუმცაღა, პირველზე მის მიერ ნაჩვენები დრო თითქმის ორი წამით გააუმჯობესა. არც რომენ გროჟანს გაუმართლა, რომელმაც ნარბოლევს დაიჩივლა, ბოლო სწრაფ წრეზე ერთ-ერთმა „ტორო როსომ“ შემაყოვნაო.

მონაკოს დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:13.876
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)          1:13.967
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:13.980
4. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       1:14.181
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                          1:14.822
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:14.824
7. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                         1:15.138
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)               1:15.383
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                1:15.647
10. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             1:15.703
- - - - - - - - - -
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)               1:18.331
12. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)    1:18.344
13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:18.603
14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:19.077
15. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)   1:19.408
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     1:21.688
- - - - - - - - - -
17. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:26.322
18. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                      1:26.633
19. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                1:26.917
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                    1:27.303
21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     დროის გარეშე
22. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          დროის გარეშე

სასტარტო განლაგება
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)
4. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
7. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
10. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)
12. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)
13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)
14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)
15. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)
17. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)
18. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)
19. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)
21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)
22. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)

No comments:

Post a Comment