Di Resta expects 2014 car design to hinder late
2013 development
4 აპრილი
პოლ დი რესტა ფიქრობს, რომ სეზონის მეორე
ნახევარში, „ფორს ინდიას“ ძალიან გაუჭირდება თავის შესაძლებლობათა განაწილება
იმისათვის, რომ ახლანდელი მანქანის განვითარებაც გააგრძელოს და მომავალი სეზონისთვის,
სრულიად ახალი მანქანის შემუშავების პროცესიც დაიწყოს. და ამ მდგომარეობაში ყველა
ის საჯინიბო აღმოჩნდება, რომლებსაც მცირე ბიუჯეტი აქვთ.
მომავალი სეზონიდან ფ1 ტურბო V6 ძრავებზე გადადის,
რის გამოც, რეგლამენტი მნიშვნელოვნად იცვლება. შესაბამისად, გუნდებს ის მანქანები
აღარ გამოადგებათ, რომლებითაც ახლა ასპარეზობენ. ამიტომ, მათ საინჟინრო და ფინანსური
რესურსების მობილიზება მოუწევთ იმისათვის, რომ ახალი ეპოქის დასაწყისისთვის მომზადება
შეძლონ.
დიდ გუნდებში ამისათვის უკვე ქმნიან ცალკე
განყოფილებებს, რომლებიც მთლიანად ახალი მანქანის შექმნაზე იქნებიან მობილიზებული.
სუსტებს და ღარიბებს კი სეზონის მეორე ნახევრიდან არჩევანის გაკეთება მოუწევთ - ან
გააგრძელონ ახლანდელი ტექნიკის სრულყოფა, ან ახლის შექმნაზე მიმართონ თავიანთი
შესაძლებლობები. დი რესტას აზრით, სწორედ ასეთებს შორის იქნება „ფორს ინდიაც“.
„როდესაც შენს ხელთ მცირე რესურსებია, კომპრომისზე
წასვლა გიწევს. ერთდროულად ორივე მანქანაზე მუშაობა ძალიან ძნელი იქნება. ზაფხულის
პაუზამდე მეტნაკლებად შევძლებთ ამ მანქანაზე მუშაობას. მერე კი პატარა გუნდებს ამ
სამუშაოს სრულად შეჩერება და ახალ მანქანაზე გადართვა მოუწევთ. თუ არა, მომავალ სეზონში
აუტსაიდერობა არ ასცდებათ. ამიტომ, მე ვეცდები, შუა სეზონამდე რაც შეიძლება მეტი
ქულა მოვაგროვო, მერე კი ბედს მივენდობი“, - ამბობს დი რესტა.
ჯერჯერობით,
„ფორს ინდიას“ მანქანა მეხუთე უსწრაფესია პელოტონში. ინდურმა გუნდმა თვით „მაკლარენიც“
კი ჩამოიტოვა. მაგრამ დი რესტა ფიქრობს, რომ ამ პოზიციის შენარჩუნება ძალიან ძნელი
იქნება. „ჩემი აზრით, „მაკლარენის“ და „ზაუბერის“ შეუფასებლობა არ შეიძლება. ეს
ძლიერი და გამოცდილი გუნდებია, რომლებიც ძალიან სწრაფად რეაგირებენ სიტუაციებზე და
ასევე სწრაფად ვითარდებიან“, - დასძენს დი რესტა.
No comments:
Post a Comment