დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, April 23, 2013

ჭურვი, რომლითაც ლოები პაიკს პიკის დაპყრობას ეცდება


23 აპრილი
„პეჟომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია სარბოლ ავტომობილ „208 T16 პაიკს პიკზე“, რომლითაც რალიში ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონი სებასტიან ლოები, აღმართზე ლეგენდარულ რბოლაში გასამარჯვებლად იასპარეზებს. მიზნის მიღწევაში ხელის შესაწყობად, ფრანგულმა კომპანიამ, თავის პატარა ჰეჩბეკ 208-ს ბაზაზე ნამდვილი ჭურვი შექმნა, რომელიც ბევრ სუპერ ავტომობილსაც მისცემს ფორას.

ავტომობილი აღჭურვილია წყვილ ტურბოკომპრესორიანი V6 ძრავით, რომელიც გამძლეობაზე რბოლების მონაწილე „პეჟო 908-სგან“ არის აღებული. ის 875 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ამ მხრივ, ფ1-ის ძრავის დონეზეა. საინტერესოა, რომ ავტომობილი დაახლოებით 875ოო კილოგრამს იწონის, რაც იმას ნიშნავს, რომ ძრავის ყოველ ცხენის ძალაზე მხოლოდ ერთი  კილოგრამი მოდის.

ავტომობილის მზიდი სისტემა, ფოლადის მილებისგან შეკრული კარკასით არის გაძლიერებული, რაც მას სიმტკიცესთან ერთად, სიხისტესაც ანიჭებს. ძრავის გარდა, პროტოტიპ 908-სგან ასევე აღებულია სავალი ნაწილი, მუხრუჭები და აეროდინამიკური ელემენტები, როგორიცაა უზარმაზარი ჰაერის ამღები და ორი მეტრი სიგანის უკანა ფრთა, რომელიც პირველი თაობის პროტოტიპ 908 HDi FAP-ზე გამოიყენეს.

„პეჟოს“ ინფორმაციით, „208 T16 პაიკს პიკს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 1.8 წამში (!) შეუძლია, 200-ს 4.8 წამში აღწევს, ადგილიდან მაქსიმალური სიჩქარეს (240 კმ/სთ) კი 7 წამში ავითარებს. ასეთ წარმოუდგენელ აჩქარებას ავტომბილი არამხოლოდ ძრავისა და აეროდინამიკის წყალობით ავითარებს. ამაში მას სრულამძრავიანი სისტემაც ეხმარება. მოკლედ, ლოების განლარგულებაში ყველაზე მძლავრი ავტომობილია მათ შორის, რომელთა საჭესთანაც თავისი სახელოვანი კარიერის განმავლობაში მჯდარა.

ლოები და მისი „208 T16 პაიკს პიკი“ რბოლის შეუზღუდავ (აბსოლუტურ) კლასში იასპარეზებენ. ფრანგულ ტანდემს გამარჯვების დიდი შანსი აქვს. აღსანიშნავია, რომ პაიკს პიკს ერთი უნიკალური თვისება აქვს - სიმაღლის დიდი ამპლიტუდის გამო, ძრავი თანდათან კარგავს სიმძლავრეს, რადგან დისტანციის ზედა ნაწილში ჰაერი გაუხშოებულია. ამავე მიზეზით, ნაკლებად ეფექტური ხდება აეროდინამიკაც.
„ატმოსფერული ძრავების შემთხვევაში, სიმაღლეში ყოველ 100 მეტრზე ავლისას, ძრავის სიმძლავრის დაახლოებით ერთი პროცენტი იკარგება“, - ამბობს „პეჟო სპორტის“ დირექტორი ბრუნო ფამენი. ცნობისათვის, პაიკს პიკის სტარტი, ზღვის დონიდან 2865 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ფინიში კი - 4301 მეტრზეა. საინტერესოა, რომ ზოგი ძრავი, სტარტზეც კი თავისი სიმძლავრის 30 პროცენტს კარგავს...

No comments:

Post a Comment