დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, April 21, 2013

ფეტელი და დანარჩენები

Vettel wins in Bahrain
21 აპრილი
ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლაზე სწორედ ამის თქმა შეიძლება - ფეტელი და დანარჩენები. გერმანელმა აშკარა უპირატესობით ჩაატარა მთელი რბოლა. ის იმდენად დაწინაურდა, რომ ოპერატორმა რბოლის ბოლოსღა მიაქცია ყურადღება, როდესაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ფინიშის ხაზი უნდა გადაეკვეთა. თუმცა, ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა - „დანარჩენებს“ საინტერესო ბრძოლა ჰქონდათ გამართული და ამის არჩვენებაც არ შეიძლებოდა...
„დანარჩენებიდან“ კი, ყველაზე სწრაფები კიმი რაიკონენი და მისი თანაგუნდელი რომენ გროჟანი აღმოჩნდნენ, რომლებმაც შარშანდელის მსგავსად, ამჯერადაც კვარცხლბეკის მეორე და მესამე საფეხურები დაიკავეს. მოკლედ, ფეტელმა ამ სეზნშ მეორე რბოლა მოიგო და იე ჯერჯერობით პირველია, ვისაც ერთზე მეტი გამარჯვება აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, უახლოეს მდევარ რაიკონენს მაინც მხოლოდ 10 ქულას უგებს.
„დღეს სოლიდური უპირატესობით მოვიგე. შემიძლია ვთქვა, რომ იმაზე მაღალ ტემპში გავიარე დისტანცია, ვიდრე ველოდით“, - განაცხადა 25 წლის ფეტელმა, ვინც ლიდერობა საბოლოოდ ხელთ 25-ე წრეზე იგდო და ამის შემდეგ აღარც დაუთმია. მან რბოლა მოწინავე რიგიდან დაიწყო და მართალია, თავიდან ფერნანდო ალონსომ გაუარა, მაგრამ ორ მოსახვევში ესპანელი ისევ უკან ჩამოიტოვა.
მეორე წრეზე ფეტელმა როსბერგსაც შეუტია და ერთხელ გაასწრო, თუმცა „მერსედესის“ პილოტმა მალევე დაიბრუნა ლიდერობა. და მაინც, მესამე წრეზე ფეტელმა თავისი მაინც გაიტანა. აქედან მოყოლებული, მან ლიდერობა ორჯერ დაკარგა და ისიც მაშინ, როდესაც ბოქსში პიტ სტოპზე შედიოდა.
ბოქსში მისი ვიზიტების შემდეგ, ლიდერობა ჯერ პოლ დი რესტამ, შემდეგ კი კიმი რაიკონენმა იგდეს ხელთ. საბოლოოდ, შოტლანდიელმა პელოტონის წინ სამი წრე გაატარა და თავის კარიერაში საუკეთესო შედეგი - მე-4 ადგილი გაიმეორა. აღსანიშნავია, რომ ფინიშამდე ექვსი წრით ადრე, ის მესამეზე იყო, მაგრამ შემდეგ გროჟანმა გაასწრო. რაც შეეხება რაიკონენს, მან ზედიზედ 21-ე რბოლა დაასრულა ქულებით. ეს სოლიდური შედეგია, თუმცა მიხაელ შუმახერის რეკორდამდე კიდევ სამი ქულიანი რბოლა უკლია.
ამ სეზონში მეორედ არ გაუმართლა ალონსოს, ვისაც ერთხელ ზედმეტად მოუწია ბოქსებში ვიზიტმა. ამის მიზეზი კი DRS-სისტემის გაჭედვა გახდა. ბოქსში ფრთა კი „დახურეს“, მაგრამ ესპანელმა მისი გამოყენება ვეღარ შეძლო, რაც გასწრებისას უპირატესობას მეტოქეს აძლევდა. მოკლედ, მერვე ადგილი ის მაქსიმუმი იყო, რომელსაც ალონსომ მიაღწია.
არც როსბერგს გაუმართლა, რომელმაც სტარტი პოულიდან აიღო და თავიდან ფეტელს და ალონსოს ბრძოლაც გაუმართა, მაგრამ შემდგ გატყდა და საბოლოოდ, ფინიშს ქულების ზონიდან ერთ ნაბიჯში მიაღწია. მისგან განსხვავებით, რბოლის მეორე ნახევარში „სუნთქვა გაეხსნა“ მის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს, ვინც მეხუთე პოზიციამდე აინაცვლა და ამის წყალობით, კლასიფიკაციაში მესამეა. სხვათა შორის, ბოლო წრეზე, დიდი ბრძოლის შემდეგ, ჰამილტონმა მარკ ვებერს გაასწრო, ვისთვისაც ეს მე-200 რბოლა იყო. ავსტრალიელს ესეც არ აკმარეს - ფინიშამდე მისი გასწრება სერხიო პერესმაც მოასწრო, ვისაც მანამდე თანაგუნდლ ჯენსონ ბატონთან ჰქონდა კონტაქტური ბრძოლა.


ბაჰრეინის დიდი პრიზი
სახირი, მანამა, დისტანცია 308.238 კმ (5.412 კმ, 57 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:36:00.498
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                           +00:09.111
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    00:19.507
4. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)               00:21.727
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           00:35.230
6. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                         00:35.998
7. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       00:37.244
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   00:37.574
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     00:41.126
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               00:46.631
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      01:06.450
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                01:12.933
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              01:16.719
14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  01:21.511
15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            01:26.364
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1 წრე
17. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                       1 წრე
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1 წრე
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      1 წრე
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1 წრე
21. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    2 წრე
გ. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)                41 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:36.961, 55-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 77 ქულა; 2. კიმი რაიკონენი - 67; 3. ლუის ჰამილტონი - 50; 4. ფერნანდო ალონსო - 47; 5. მარკ ვებერი - 32; 6. ფელიპე მასა - 30; 7. რომენ გროჟანი - 26; 8. პოლ დი რესტა - 20; 9. ნიკო როსბერგი - 14; 10. ჯენსონ ბატონი - 13; 11. სერხიო პერესი - 10; 12. ადრიან სუტილი - 6; 13. დანიელ რიკიარდო - 6; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 5; 15. ჟან-ერიკ ვერნი - 1

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 109 ქულა; 2. ლოტუს-რენო - 93; 3. ფერარი - 77; 4. მერსედესი - 64; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 26; 6. მაკლარენ-მერსედესი - 23; 7. ტორო როსო-ფერარი - 7; 8. ზაუბერ-ფერარი - 5

No comments:

Post a Comment