დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 30, 2013

ახალი „დიფენდერი“ „წარმოუდგენლად განსხვავებული“ იქნება


Next Land Rover Defender Will Be "Incredibly Distinctive"
30 მარტი
შემდეგი თაობის „ლენდ როვერ დიფენდერს“, რომელიც ბაზარზე 2015 წელს გამოვა, ახლანდელისგან „წარმოუდგენლად განსხვავებული“ გარეგნობა ექნება. ამას გვპირდება ბრიტანული კომპანიის დიზაინის დირექტორი ჯერი მაკგოვერნი. „შემიძია დაგარწმუნოთ, რომ ეს წარმოუდგენლად განსხვავებული მანქანა იქნება. ეს არის თანამედროვე დროის „დიფენდერი“. მის მსგავსს ქვეყნად ვერაფერს ნახავთ“, - გამოცემა „ქარედვაისთან“ საუბრისას განაცხადა მაკგოვერნმა და დასძინა, რომ ახალ ავტომობილს საერთო არაფერი ექნება კონცეპტუალურ DC100-თან (ფოტოზე).

„ლენდ როვერმა“ კონცეპტუალური DC100 ფრანკფურტის მოტორ შუზე ორი წლის წინ წარადგინა და მაშინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ასეთი იქნებოდა ახალი „დიფენდერი“. მისი დიზაინი სწორედ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით შემუშავდა. მოგვიანებით, „ლენდ როვერმა“ უარყო ეს ვარაუდი, თუმცა შეგვპირდა, რომ ამ სტილში „რეინჯ როვერის“ ყველაზე პატარა ავტომობილს შემოგვთავაზებს.
ბრიტანული კომპანია ახალ „დიფენდერზე“ დიდ იმედებს ამყარებს. მაკგოვერნი ამბობს, რომ ამ ავტომობილს არაერთი ვერსიის სახით შესთავაზებენ მყიდველს. ის პარალელს ავლებს პირველ „დიფენდერთან“ და გვახსენებს, რომ ის ავტომობილიც მყიდველს სხვადასხვა ტიპის ძარით მიეწოდებოდა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი „დიფენდერი“ გააგრძელებს იმ გზას, რომლის გაკვალვაც ახალმა „რეინჯ როვერმა“ და ასევე ახალმა „რეინჯ როვერ სპორტმა“ დაიწყეს - მის პლატფორმას ალუმინისგან დაამზადებენ, რაც იმის საწინდარია, რომ ავტომობილი მსუბუქი იქნება.
„ალუმინი ის მასალაა, რომლის გამოყენებაც კარგად ავითვისეთ და დროთა განმავლობაში, მას სულ უფრო ინტენსიურად გამოვიყენებთ. შემსუბუქების წყალობით კი უფრო მცირე ძრავების გამოყენების საშუალება გვეძლევა. ასე რომ, ამ მასალას სულ უფრო ხშირად შეხვდებით ჩვენს ავტმობილებზე“, - დასძენს მაკგოვერნი.
დაბოლოს, „ლენდ როვერი“ ადრინდელთან შედარებით, ახალი „დიფენდერის“ გაცილებით მეტი მოცულობით გაყიდვებს ვარაუდობს. ცნობისათვცის, ბრიტანული კომპანია ახლანდელ მოდელზე წლიურად დაახლოებით 15 000 შეკვეთას ღებულობს.

No comments:

Post a Comment