2014 Bentley Flying Spur makes its Swiss debut
16 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე, „ბენტლის“ პავილიონის ყველაზე
მთავარი ექსპონატი ახალი „ფლაინგ სპური“ იყო, რომელიც მოდელ „კონტინენტალის“
სედანისძარიანი ვერსიაა. ოღონდ, მისი სახელიდან სიტყვა „კონტინენტალი“ ამოვარდა.
რაც მთავარია, „ბენტლიმ“ გამოაცხადა, რომ ეს არის ყველაზე მძლავრი და სწრაფი
ოთხკარიანი ავტომობილი, რომელიც კი მას უწარმოებია.
ახალი „ფლაინგ სპური“ გარეგნულად ძლიერ შეიცვალა. თუმცა
მის დანახვაზე ადვილად გამოიცნობთ, რომ ეს სწორედ „ფლაინგ სპურია“. სედანს აქვს
სრულიად ახალი მთავარი ფარები, რომლებიც შუქდიოდური ელემენტების სტრუქტურას
წარმოადგენს. რადიატორი და ბამპერის ქვეშ არსებული ზორბა ჰაერის ამღები ბადითაა
დაფარული, რომელიც უამრავი პატარა რომბისგან შედგება. სახურავმა დაბლა დაიწია,
ავტომობილის მასიური ფორმები კი უფრო გამოიკვეთა. უკანა ნაწილს მსხვილი საყრდენი „ამაგრებს“,
უკანა ფარებს კი ოთხკუთხა ფორმა მიანიჭეს, რამაც „მფრინავ დეზს“ (ასე ითარგმნება
ფლაინგ სპურ) მკაცრი იერი შესძინა.
ავტომობილი შეცვლილ მზიდ სტრუქტურაზეა აგებული,
რომელიც მსუბუქი მასალებისგან დაამზადეს. ამის წყალობით, მისი წონა 50 კილოგრამით,
2472 კილოგრამამდე შემცირდა (წინა თაობის მოდელთან შედარებით). საერთო ჯამში, ავტომობილის
სტრუქტურა უფრო მტკიცე გახდა.
ახალი „ფლაინგ სპური“ აღჭურვილია „ბენტლის“
გაუმჯობესებული 6.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი W12 ძრავით, რომელიც 616 ცხენის
ძალას (552 იყო) და 800 ნიუტონმეტრს (650 იყო) იძლევა. ძრავთან 8-საფეხურიანი
ავტომატური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომელიც გადამუშავებულ მაბრუნ
მომენტს ოთხივე ბორბალს 40:60 (წინა/უკანა) პროპორციით ანაწილებს. წინამორბედთან
შედარებით, ახალი ავტომობილის სიმძლავრისა და წონის ფარდობა 14 პროცენტით,
ეკონმიურობა კი 15 პროცენტით არის გაუმჯობესებული. ადგილიდან ასის ასაკრეფად მას
4.3 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 322 კმ/სთ-ია.
დაიხვეწა საკიდარი, რომელსაც დრეკადი ელემენტები
უფრო დაურბილდა (წინ 10 პროცენტით, უკან კი - 13 პროცენტით), რაც კომფორტს
გააუმჯობესებს, და ამით მანევრულობაც არ გაუარესდება. დარბილდა განივი მდგრადობის
ღერძი, ანუ ეგრეთ წოდებული მშრალი ამორტიზატორი (წინ 13 პროცენტით და უკან - 15
პროცენტით). ზამბარების და ამორტიზატორების წყვილებს ელექტრონული კონტროლის
სისტემა მართავს. „ბენტლიმ“ საჭის მექანიზმიც გამოცვალა. ავტომობილი ასევე
სტაბილურობის მრავალრეჟიმიანი ელექტრონული კონტროლის სისტემითაც აღიჭურვა.
განახლებულია ინტერიერიც. „ბენტლი“ ირწმუნება, რომ სალონში
600 ახალი ნაწილია. წინა მოდელიდან მხოლოდ რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანმა
დეტალმა გადმოინაცვლა. განახლების მიუხედავად, ახალი „ფლაინგ სპურის“ სალონი მაინც
„ბენტლის“ ტიპიური ინტერიერია. ბრიტანული კომპანია მყიდველს ახალ სედანს სალონის
ორი - ოთხ და ხუთადგილიანი კონფიგურაციით შესთავაზებს.
დამატებით ეკიპირებაში შევიდა მულტი-მედიური
სპეციფიკაციები, რომელიც მოიცავს ლეპტოპებსა და პლანშეტურ კომპიუტერებს, რომლებიც
ინტერნეტს ავტომობილში ჩამონტაჟებული უკაბელო სისტემით უკავშირდება. ამ
სპეციფიკაციებში ასევე შედის ორი ათდუიმიანი თხევადკრისტალური მონიტორი, რომლებიც
წინა სავარძლების საკისრეების უკანა მხარესაა დამაგრებული.
„ახალი „ბენტლი ფლაინგ სპური“ წინ გადადგმული დიდი
ნაბიჯია. ჩვენ მანქანის თითქმის ყველა ნაწილი შევცვალეთ და გავაუმჯობესეთ. მარტივად
რომ ვთქვათ, ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ლუქს სედანი შევქმენით. ეს არის ელეგანტური
და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილი, რომელიც დახვეწილი ფორმებით და
შესრულების უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა“, - პრეზენტაციაზე განაცხადა „ბენტლის“ შეფმა
ვოლფგანგ შრაიბერმა.
ახალი
„ფლაინგ სპურის“ გაყიდვას „ბენტლი“ ზაფხულში დაიწყებს.
No comments:
Post a Comment