Pininfarina Sergio May be Made in a Very Limited
Production Run
19 მარტი
„პინინფარინა სერჯო“ ჟენევაში ახლახანს დასრულებული
მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ელეგანტური ექსპონატია, ისეთი,
როგორზეც უბრალო დამთვალიერებელი ინატრებს - ერთი ასეთი მომცაო... და როგორც ჩანს,
მდიდარ ავტომოყვარულებს გაუმართლათ, რადგან „პინინფარინას“ ამ ავტომობილის ძალიან
შეზღუდული რაოდენობით დამზადბა აქვს გადაწყვეტილი.
ავტომობილი „ფერარი 458 სპაიდერზეა“ ბაზირებული, თუმცა დონორ ავტომობილს ვერაფრით მიამგვანებთ. „სერჯო“ არის ღია, ბარკეტას ტიპის ავტომობილი, რომელსაც საქარე შუშაც კი არ აქვს, უკანა საყრდენი კი წინისკენ, ძლიერაა დაქანებული. მისი ცხვირი ისეთია, იფიქრებთ ამით რაღაცის გაჭრას აპირებენო. მარანელოელებთან მის ნათესაობას კი მხოლოდ ის ფაქტი ადასტურებს, რომ საჭის რგოლსა და მანქანის ზოგიერთ დეტალს, „ფერარის“ ემბლემა - ყალყზე შემდგარი კვიცი ამშვენებს.
გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპის“ ინფორმაციით, „პინინფარინა“
თავის შედევრს მხოლოდ ექვს ცალს დაამზადებს, თითოეულის ფასი კი, არც მეტი, არც
ნაკლები, 3 მილიონი ევრო იქნება. თუ მას ისეთს დაამზადებენ, როგორიც ჟენევაში
ვნახეთ, ავტომობილის პატრონს, საჭესთან ჯდომისას თავზე სარბოლო ჩაფხუტის მორგება
მოუწევს - ეს ევროკავშირში მოქმედი რეგლამენტის მოთხოვნაა. რა თქმა უნდა, ასეთ
ფასში, მანქანას ჩაფხუტიც მოჰყვება, რომელსაც მყიდველის თავის გაბარიტების
შესაბამისად დაამზადებენ.
არაა გამორიცხული, რომ წარმოების დაწყებამდე, „სერჯოს“
ფორმა მაინც შეუცვალონ. ამ შემთხვევაში, მასზე აუცილებლად გაჩნდება საქარე შუშა.
როგორც „პინინფარინას“ უფროსი დიზაინერი ფაბიო დილიპი ამბობს, ატელიეს უკვე
შემუშავებული აქვს კარგი იდეები, რომლებსაც „სერჯოს“ წარმოების შემთხვევაში, მასზე
განახორციელებენ, რათა ავტომობილმა ევროპაში ჰომოლოგაცია მიიღოს.
შეგახსენებთ,
რომ ავტომობილი „ფერარი 458 სპაიდერისვე“ ძრავითვეა აღჭურვილი. ესაა 4.5-ლიტრიანი V8,
რომელიც 562 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავთან ორდისკოიანი ქუროთი დაკავშირებულია
7-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია, რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებს
აწვდის. ამ წყვილის დახმარებით, თეორიულად, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ
სიჩქარის აკრეფა 3.4 წამზე ნაკლებში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი დაახლოებით
320 კმ/სთ-ს მიაღწევს.
No comments:
Post a Comment