17 იანვარი
ფერნანდო ალონსო დარწმუნებულია, რომ ახალ სეზონში,
ლუის ჰამილტონი გამარჯვებებისთვის იბრძოლებს. და ამაზე არანაირ გავლენას არ
იქონიებს ის ფაქტი, რომ ბრიტანელი კონკურენტუნარიანი „მაკლარენიდან“, „მერსედესში“
გადავიდა, რომლის ანგარიშზეც ერთადერთი გამარჯვებაა. ალონსო ჰამილტონს უფრო ძლიერ
მეტოქედ მიიჩნევს, ვიდრე სებასტიან ფეტელს, ვინც ბოლო სამი სეზონია, ტიტულს არავის
უთმობს.
„დარწმუნებული ვარ, ის გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ის სუპერ ძლიერი მრბოლია, რადგან ნებისმიერი მანქანით, ყოველ სეზონში ახერხებს გამარჯვებას. თავის პირველივე ორ სეზონში იგებდა. 2009 წელს მათ ცუდი მანქანით დაიწყეს, რომელიც ლიდერთან ორ წამს აგებდა. მაგრამ ჰამილტონმა მაინც მოიგო რბოლები. იგივე იყო მომდევნო სეზონშიც“, - დასძენს ალონსო. ესპანელი იხსენებს, რომ გასულ სეზონში, ნიკო როსბერგმა არაკონკურენტუნარიანი მანქანით შეძლო გამარჯვება. ეს კი, მისი აზრით იმას ნიშნავს, რომ ჰამილტონი უფრო მეტს მოიგებს.
ბრიტანელი ალონსოს კარიერაში მისი ერთადერთი
თანგუნდელია, რომელსაც სეზონის განმავლობაში, ის დამარცხებული ჰყავს. სადებიუტო სეზონში
(2007 წელს), მან ალონსოს, ვინც „მაკლარენის“ გამოკვეთილ ლიდერად იყო აღიარებული მედგარი
წინააღმდეგობა გაუწია. საბოლოოდ, თანაბარი ქულები დააგროვეს და ერთი ქულით წააგეს
კიმი რაიკონენთან. შემდეგ სეზონში ჰამილტონი ჩემპიონი გახდა.
ბრიტანელის
კარიერაში, „მერსედესი“ მეორე გუნდია. ის ამბობს, რომ პირველი სეზონის
განმავლობაში, ჩემპიონობისთვის ბრძოლა მოსალოდნელი არაა. უფრო მეტიც, ეჭვობს, რომ
გამარჯვებისთვის ბრძოლასაც ვერ შეძლებს. თუმცა ალონსოს აზრით, ახლა ამაზე ლაპარაკი
ნაადრევია. ის ვერ ამბობს, თუ ვინ შეიძლება იყოს მისი მთავარი მეტოქე. ეს ბევრ
რამეზე იქნება დამოკიდებული. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მანქანის
კონკურენტულობაზე. ამასთან აღიარებს, რომ ფეტელის და „რედ ბულის“ ტანდემი კვლავ
ძლიერი ძალა იქნება.
No comments:
Post a Comment