13 იანვარი
ეს უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია - „ლენდ როვერი“
თავის ახლანდელ სამოდელო გამას პოზიციებს შეუცვლის და ახალი ავტომობილებით
შეავსებს. ერთ-ერთი პირველი სრულიად ახალი ავტომობილი კი, რომელიც მის გამაში მალე
გამოჩნდება, პოპულარულ „ევოუკზე“ პატარა ქროსოვერი იქნება.
საერთოდ, „ლენდ როვერის“ ახალი მიზანი, მისი გამის
მომცრო და იაფი ავტომობილებით შევსებაა. ამგვარად, ბრიტანული კომპანია სრულიად
ახალი მყიდველის მიზიდვას და ამის დახმარებით, გაყიდვების გაზრდას გეგმავს. ეს
ავტომობილი კომპანიის სხვა ავტომობილების სტილში არ შესრულდება. მისი გარეგნობის
შემუშავებისას, დიზაინერები ორიენტირად კონცეპტუალური DC
100-ის სტილს აიღებენ. სხვათა შორის, ამ ავტომობილს ცოტა ხნის წინ, ახალი „დეფენდერის“
წინამორბედადაც მოიაზრებდნენ.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, ახალი ავტომობილი „რეინჯ
როვერის“ მარკით არ გამოვა. ანუ, საკუთრივ „ლენდ როვერის“ გამას შეავსება.
სავარაუდოდ, ახლანდელი „ფრილენდერის“ ადგილს დაიკავებს, რომელიც „დისქავერისთან“
ერთად, უფრო მაღალ სეგმენტში გადაინაცვლებს და ადგილს ახალ მანქანას დაუთმობს,
რომელიც კომპანიის სამოდელო გამის „გამხსნელი“ იქნება. ახალ ავტომობილზე, „ლენდ
როვერი“ თავის უახლეს ტექნოლოგიებს დანერგავს, რომლების წყალობითაც, ის მსუბუქი და
ეკონომიური გამოვა. რა თქმა უნდა, სიახლე მაღალეფექტური ძრავებით აღიჭურვება.
ოღონდ, არსებობს ერთი სერიოზლი პრობლემა - „ლენდ
როვერს“ არ აქვს პლატფორმა, რომელზეც ამ ახალ ავტომობილს დაამყნობს. ახალი
პლატფორმის შემუშავება კი პროექტს და შესაბამისად ავტომობილსაც, მეტისმეტად
გააძვირებს. ამისთვის გამოსავალი, სხვა კომპანიასთან თანამშრომლობაა. ოღონდ, რომელ
კომპანიას ხვდება წილად ამის პატივი, ეს ჯერ ცნობილი არაა. არსებობს მოსახრება,
რომ შესაძლოა, „ლენდ როვერმა“ მონათესავე „იაგუარის“ (ორივე ინდური „ტატას“ ჯგუფში
შედის) ახალი კომპაქტური სედანის პლატფორმა გამოიყენოს, რომელსაც მოდერნიზაციას
ჩაუტარებს. ამ შემთხვევაში, ახალი ავტომობილის ბაზარზე ძალიან სწრაფად გამოტანას
შეძლებს.
დაბოლოს, ახალი „ლენდ როვერი“ კონკურენციას ისეთ
პოპულარულ ავტომობილებს გაუწევს, როგორებიცაა „მაზდა CX-5“
და „მიცუბიში ASX“, ასევე „პეჟო 2008“, რომელიც
ბაზარზე მალე გამოვა.
No comments:
Post a Comment