17 დეკემბერი
მართალია, გაყიდული ავტომობილების რაოდენობით,
„ტოიოტა“ შარშან მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს,
რომ წელს ლიდერის პოზიციას ისევ დაიბრუნებს. „ჯენერალ მოტორსი“ და „ფოლკსვაგენის“
ჯგუფი კი მეორე ადგილისთვის, წლის ბოლო დღემდე იბრძოლებენ, რადგან მათ გაყიდვებს
შორის სხვაობა უმნიშვნელოა.
ამ კომპანიების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,
გამოცემა „ავტონიუსი“ იტყობინება, რომ პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, „ტოიოტას“
7.4 მილიონი ავტომობილი აქვს გაყიდული, „ჯენერალ მოტორსს“ 6.95 მილიონი და „ფოლკსვაგენს
- 6.9 მილიონი.
სხვათა შორის, წელს მთელს მსოფლიოში ავტომობილების
რეკორდული გაყიდვებია (თითქმის 80 მილიონი) მოსალოდნელი. და ეს იმის მიუხედავად,
რომ ევროპის ბაზარი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. მსოფლიო ბაზრის ზრდას, იაპონიისა
და აშშ-ის ბაზრებზე გაყიდვების ბუმი და ჩინეთში სტაბილური ზრდა განაპირობებს.
„ამერიკის ბაზარი იმდენად დიდია, რომ როცა ის ორნიშნა
რიცხვით იზრდება, ეს მთელი მსოფლიოს ბაზრის ზრდასაც იწვევს“, - ამბობს ანალიტიკურ
კომპანია „IHS ავტომოტივის“ ექსპერტი რებეკა ლინდლენდი. შარშანდელი
ბუნებრივი კატასტროფების (მიწისძვრა და ცუნამი იაპონიაში, არნახული წყალდიდობა
ტაილანდში), „ტოიოტამ“ ამერიკაში გაყიდვები 29 პროცენტით გაზარდა, იაპონიაში კი
ზრდამ 41 პროცენტიც კი შეადგინა.
მსოფლიოს მასშტაბით „ჯენერალ მოტორსის“ გაყიდვები
2.5 პროცენტითაა გაზრდილი. და არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ ამერიკული
კომპანია, 2007 წლის შემდგ, ყველაზე მეტი რაოდენობით ავტომობილს (9.37 მილიონზე
მეტს) გაჰყიდის.
რაც შეეხება „ფოლკსვაგენს“, გერმანულმა ჯგუფმა უკვე
გაყიდა შარშანდელ რეკორდულზე (8.36 მილიონი) მეტი ავტომობილი. ამერიკაში მისი
გაყიდვები (ნოემბრის ჩათვლით) 31 პროცენტით არის გაზრდილი და ეს ყველა სხვა
კომპანიაზე უკეთესი მაჩვენებელია.
„IHS
ავტომოტივის“ კიდევ ერთი ექსპერტი კრისტოფ შტიურმერი დარწმუნებულია, რომ „ფოლკსვაგენს“
უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რადგან გერმანული გიგანტი დიდი რაოდენობით თავისუფალ
ფულად სახსრებსაც ფლობს და უახლეს ტექნოლოგიებსაც, რაც ახალი მოდელების გამოშვების
და ამგვარად, გაყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას აძლევს. სავარაუდოდ,
სწორედ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალი კომპანიების საქმიანობა წამოსწევს ევროპულ
ბაზარს და მალე „ფოლკსვაგენი“ მსოფლიო ლიდერიც გახდება, რაშიც მისთვის ხელის
შემშლელი არავინ მოჩანს...
No comments:
Post a Comment