23 ნოემბერი
იაპონურ კომპანიებს ჩინეთში ძნელი დრო დაუდგათ -
ქვეყნებს შორის გამწვავებული პოლიტიკური მდგომარეობა, მათ შორის ვაჭრობაზეც
აისახა. და რა თქმა უნდა, დაზარალებულთა შორის, იაპონური ავტო კომპანიებიც არიან,
რომელთა პროდუქციასაც ჩინეთში სულ უფრო ნაკლებად ყიდულობენ. ორ ქვეყანას შორის
ურთიერთობის გამწვავება კი პატარა კუნძულების გამო დაიწყო, რომლებსაც იაპონელები
სენკაკუდ მოიხსენიებენ, ჩინელები კი - დიაოუდ.
მოკლედ, რაც დრო გადის, ცისქვეშეთში სულ უფრო
ნაკლები იაპონური ავტომობილი იყიდება. ეს კი ამომავალი მზის ქვეყნის კომპანიებს
კარგს არაფერს უქადის. ამიტომ, ისინი შემოვლით გზებზე ფიქრობენ. ასეთად კი „ტოიოტაში“
ახალი, „ჩინური“ ბრენდების ჩამოყალიბება მიიჩნიეს.
იაპონური კომპანიის უფროსი მმართველი აღმასრულებელი
მოხელე ჰიროძი ონიში, როიტერსთან საუბრისას ამბობს, რომ მისი კომპანია მალე
ჩინეთში ორ ახალ ბრენდს ჩამოაყალიბებს, რომლებიც მხოლოდ იქაურ ბაზარზე იმუშავებენ.
მას დეეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ცნობილია, რომ „ტოიოტა“ ჩინეთში ორ თავის
პარტნიორთან - FAW ჯგუფთან და „გუანჟოუ ავტომობილ გრუპთან“ ერთად
აწარმოებს ავტომობილებს. ამგვარად, ადვილი მისახვედრია, რომ ორ ახალ ბრენდს
იაპონელები სწორედ ამ კომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბებენ.
სხვათა შორის, „ტოიოტამდე“ მსგავსი გეგმა „ნისანმაც“
გამოაქვეყნა. ამ კომპანიის ჩინური ბრენდის სახელი უკვე ცნობილია - „ვენუჩია“ და ის
უკვე მუშაობს. მალე კი ელექტრომობილსაც გამოუშვებს. „ნისანის“ ჩინური შტოს პრესმდივანი
დუ ფანი იმავე როიტერსთან საუბრისას ამბობს, რომ ელექტრომობილის სახელი e30 იქნება,
მისი ტესტირება ჩინეთის 15 ქალაქში ჩატარდება და მერმისს ბაზარზეც გამოვა.
ცნობისათვის, ამჟამად „ვენუჩია“ ორ იაფფასიან
ავტომობილს - D50-ს და R50-ს აწარმოებს.
No comments:
Post a Comment