23 ნოემბერი
„ზაუბერმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან, მისი
მეორე მანქანის საჭეს, მექსიკელი ესტებან გუტიერესი მიუჯდება, ვინც ამ სეზონში
გუნდის სარეზერვო და ტესტ პილოტია. ამგვარად, ის კამუი კობაიაში ს შეცვლის და ნიკო
ჰულკენბერგს გაუწევს პარტნიორობას.
„ზაუბერის“ შეფი მონიშა კალტენბორნი ამბობს, რომ 21
წლის გუტიერესი მისი გუნდის დიდი ხნის პროტეჟეა და ის ფ1-ის რბოლებისთვის უკვე
მზადაა: „დიდი ხანია, ესტებანი ჩვენი გუნდის წევრია. ჩვენ მის კარიერას საგულდაგულოდ
ვაკვირდებით. მასთან კონტრაქტი ორი წლის წინ გავაფორმეთ, გასულ ორ სეზონში კი ის
ტესტ და სარეზერვო პილოტია. ჩვენ მისი ჩამოყალიბების პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ
დავგეგმეთ. ესტებანი ძალიან ნიჭიერია და ახლა უკვე მზადაა ფ1-ში გადმოსასვლელად.
ეჭვი არ გვეპარება, რომ მომავალი სეზონისთვის ძალიან ძლიერი პილოტები ავიყვანეთ“.
აღსანიშნავია, რომ პერესის მსგავსად, გუტიერესსაც
ისეთი ძლიერი მხარდამჭერი ჰყავს, როგორიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, მექსიკელი
მაგნატი კარლოს სლიმია. ეს კი მნიშვნელოვანია „ზაუბერისთვის“, რომელიც მუდმივად ფინანსური
უკმარისობის პირობებში იმყოფება.
„სამი წელია, რაც „ზაუბერში“ ვმსახურობ და ამ გუნდის
მიმართ დიდი მადლიერების გრძნობით ვარ განწყობილი. აქ ყველა ყურადღებით მექცევა.
მათი წყალობით, ფ1-ის პილოტად ჩამოვყალიბდი. მე უკვე გავიარე დაბალი ფორმულების
ეტაპი და მზად ვარ ფ1-ისთვის. ეს ჩემთვის რეალური გამოწვევის დასაწყისია და ვიმედოვნებ,
მოტორსპორტის მწვერვალებს მივაღწევ“, - განაცხადა გუტიერესმა, ვინც ორი წლის წინ GP3-ის
ჩემპიონი გახდა, გასული ორი სეზონის განმავლობაში კი, შვეიცარიული გუნდს სარეზერვო
პილოტობასთან ერთად, GP2-ის სერიაშიც ასპარეზობდა.
No comments:
Post a Comment