Gordon Murray Design Details Yamaha Sports Ride’s
iStream Carbon Chassis
2 ნოემბერი
ტოკიოს მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული
ექსპონატი, „იამაჰას“ კონცეპტუალური სპორტული ავტომობილი, „სპორტს რაიდი“ იყო. და
არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პატარა და კოხტა ორადგილიანი ავტომობილი. თანაც
ერთ-ერთი პირველი ოთხბორბლიანი მანქანა მოტოციკლების მწარმოებლისთვის. არამედ მისი
კარბონის მზიდი სტრუქტურის გამოც, რომელიც ლეგენდარული სამხრეთაფრიკელი ინჟინრის,
გორდონ მარის მიერ შემუშავებული უახლესი ტექნოლოგიით (iსტრიმ) არის შემუშავებული.
კარბონის სტრუქტურას დღეს ავტომობილებისთვის
სერიულად არაერთი კომპანია აწარმოებს. მათ შორის ლიდერი „ბეემვეა“, რომელიც ამ
ტექნოლოგიას ჯერ მხოლოდ თავის ეკოლოგიურ, i-ბრენდის ავტომობილებზე იყენებს. მაგრამ
ეს ტექნოლოგია ჯერჯერობით ძვირია და შესაბამისად, ეს ავტომობილების ფასზეც
აისახება. „გორდონ მარი დიზაინმა“ კი შეიმუშავა ახალი პროცესი, რომელიც ამ მასალით
იაფი და მსუბუქი (რა თქმა უნდა) სტრუქტურების მასობრივად წარმოების შესაძლებლობას
იძლევა. მოკლედ, მისი საშუალებით, მარის ფ1-ის (სადაც სახელი გაითქვა) ტექნოლოგია,
მასობრივ წარმოებაში გადმოაქვს. და ამაში მას „იამაჰა“ ეხმარება.
„iსტრიმ-ს“ წყალობით, რომელიც მარის სტუდიამ პირველად
ტოკიოს 2013 წლის შოუზე წარადგინა, „იამაჰა სპორტს რაიდი“ მხოლოდ 750 კილოგრამს
იწონის. მაგრამ სიმსუბუქე მისი ერთადერთი თვისება არაა. „გორდონ მარი დიზაინის“
განცხადებით, მისი კარბონის სტრუქტურა, ავტოინდუსტრიაში ახალ სტანდარტს ჩამოაყალიბებს
ასევე გრეხვითი დატვირთვებისადმი მედეგობით, სიმტკიცით და უსაფრთხოებითაც.
იგივე ტექნოლოგია „იამაჰამ“ პირველად კონცეპტ „მოტივ.e-ზე“
გამოიყენა და ორივე ერთად, იმავე ტოკიოს 2013 წლის შოუზე გვიჩვენა. კარბონისგან
დამზადებული სხვა სტრუქტურებისგან განსხვავებით, „iსტრიმ-ი“ ასეთი სტრუქტურების
წარმოების სრულიად მექანიზებულ სისტემას იყენებს. წარმოების სრული ციკლის დრო, სულ
რაღაც, 100 წამია. სუპერ ავტომობილების კარბონის მზიდი სტრუქტურებისგან
განსხვავებით, რომლებსაც კარბონის თითო ფენა აქვთ, „iსტრიმ-ის“ სტრუქტურას, კარბონის
ბოჭკოვანი ქსოვილის ორი ფენა აქვს, რომელთა შორისაც, ალუმინის ფიჭური სტრუქტურის
მქონე ფენა არის მოქცეული, როგორც ფორმულა 1-ის ავტომობილებზე.
„გორდონ მარი დიზაინი“ ამბობს, რომ ახალი ტექნოლოგია
მისწრება იქნება სუბ-პრემიუმ და პრემიუმ კლასის ავტომობილებისთვის, რომელთა ფასსაც
მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამ ტექნოლოგიებით, წლიურად 1000-დან 350 000-მდე
ავტომობილის წარმოებაა შესაძლებელი. შესაბამისად, კაპიტალური ინვესტიციის
მოცულობა, დაახლოებით 80 პროცენტით შემცირდება. 60 პროცენტით შემცირდება
წარმოებისთვის საჭირო ენერგიის მოცულობა.
No comments:
Post a Comment