დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, February 25, 2015

ალონსო ბარსელონას ბოლო ტესტებს გამოტოვებს

Alonso to miss final test after leaving hospital
25 თებერვალი
ფერნანდო ალონსო ბარსელონაში წინასასეზონო ბოლო ტესტებს გამოტოვებს - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო „მაკლარენის“ ხელმძღვანელობამ. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ნაცვლად, ახალი ავტომობილის ტესტირებაში მონაწილეობას სარეზერვო პილოტი, დანიელი კევინ მაგნუსენი მიიღებს.
ალონსომ წინა ტესტებისას მომხდარი ავარიის შემდეგ, ჰოსპიტალში სამი დღე გაატარა, სადაც დაწვრილებითი შემოწმება ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ტვინის მცირე შერყევაც მიიღო. სწორედ ამის გამო, ექიმებმა დასვენება ურჩიეს.
„მაკლარენმა“ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ ალონსოს ტესტებზე გამოსვლა სურდა, თუმცა ახლა მისთვის დასვენება და ძალების აღდგენა სჯობს. ესპანელი მრბოლი ახლა შინ, ქალაქ ოვიედოში, თავის ოჯახთან ერთად იმყოფება. „მაკლარენის“ მიერ გამოქვეყნებული ვერსიით, ალონსოს ავარიის მიზეზი, ძლიერი გვერდითა ქარი გახდა, რომელმაც დიდ და სწრაფ მოსახვევში, ბოლიდის გზიდან გადასვლა განაპირობა. პილოტს ავარიის მომენტი არ ახსოვს. ვერც იმას იხსენებს, გონება ავარიამდე დაკარგა, თუ მას შემდეგ.
არაოფიციალური ინფორმაციით, ავარიას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდა. ერთ-ერთი ვერსიით, ალონსოს დენმა დაარტყა და მისი გათიშვაც ამან გამოიწვია. ეს ვარაუდი იმ გარემოებამ წარმოშვა, რომ ჰოსპიტალში ალონსოს იმ ტიპის სადიაგნოსტიკო მოწყობილობით იკვლევდნენ, რომელსაც დენის დარტყმის დროს იყენებენ. სხვათა შორის, ტესტებისას „მაკლარენს“ და მის პარტნიორ ჰონდას ყველაზე მეტ პრობლემას კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა უქმნის, რომელშიც მუხრუჭების ენერგია ელექტრულად გარდაიქმნება. ამ დროს კი სისტემაში მძლავრი დენი გადის, რომელსაც პილოტის ძლიერი ტრავმირებაც კი შეუძლია.
საინტერესოა, რომ ბოლო ტესტებზე „მაკლარენი“ კერს-ის საკუთარ ვერსიას გამოიყენებს. როგორც გუნდის შეფი ერიკ ბუიე ამბობს, აღნიშნული პრობლემების გამო, „მაკლარენმა“ ჯერჯერობით სატესტო პროგრამის მხოლოდ ნახევარის შესრულება შეძლო. სხვათა შორის, ალონსოს ავარიის დროსაც აგრეგატზე საკუთარი წარმოების კერს-ი იყო დაყენებული.

No comments:

Post a Comment