დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 16, 2015

„დოუმ ქარზი“ LMP3 პროტოტიპებს გამოუშვებს

Dome selected as LMP3 constructor
16 ოქტომბერი
სარბოლო ავტომობილების იაპონური კომპანია „დოუმ ქარზი“, გამძლეობაზე რბოლებისა და ლე მანისთვის, LMP3 კლასის სარბოლო პროტოტიპებს გამოუშვებს. ამგვარად, ეს არის მეხუთე კომპანია, რომელსაც აზიისა და ევროპული ლე მანის ჩემპიონატებისთვის, ამ ტიპის ავტომობილების წარმოების უფლება მიეცა. ის კონკურენციას ბრიტანულ „ჯინეტას“, ფრანგულ „ონროკ ავტომოტივს“, ამერიკულ „რილი ტექნოლოჯიზს“ და გერმანულ „ადესს“ გაუწევს.
აღმოსავლეთის საავტომობილო კლუბმა (ACO), რომელიც არის ლე მანის და მისი სერიის ორგანიზატორი, თავიდანვე განსაზღვრა, რომ LMP3 კლასის ავტომობილების წარმოების უფლებას მაქსიმუმ ხუთი კომპანია მიიღებდა. ეს სარბოლო პროტოტიპების ახალი კლასია, რომელიც შედარებით ხელმისაწვდომია გუნდებისთვის და ამ ტიპის რბოლებში დამწყები პილოტების უმეტესობისთვის, პირველი საფეხური გახდება.
LMP3 კლასის პროტოტიპები, „ნისან-ნისმოს“ V8 ატმოსფერული ძრავებით აღიჭურვება, რომელთა სიმძლავრეც 420 ცხენის ძალა იქნება. მათ სრულყოფაში მონაწილეობას, სარბოლო ტექნიკის მწარმოებელი ფრანგული კომპანია „ორეკა“ მიიღებს. ტრანსმისიებს „X-ტრეკი“ დაამზადებს, ელექტრონიკას კი „მანეტი მარელი“.
„დოუმ ქარზი“ 1978 წელს დაარსდა და პირველად სუპერ ავტომობილების წარმოება დაისახა მიზნად. მაგრამ პროექტი სახელად „დოუმ ზერო“ ჩავარდა, რადგან საგზაო ლიცენზია ვერ მიიღო. ამის შემდეგ კომპანიამ პროფილი შეიცვალა და მოტორსპორტზე გადაერთო. მისმა პირველმა „დოუმ ზერო RL-მა“, რომელიც უნიკალური გარეგნობით გამოირჩეოდა, ლე მანის რბოლაში მიიღო მონაწილეობა.
მას შემდეგ, იაპონურმა კომპანიამ ლე მანზე 18-ჯერ იასპარეზა. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო GT 500, GT 300 და FIA F4-ის სერიებში. 1996 წელს „დოუმმა“ ფორმულა 1-შიც სცადა ბედი, მაგრამ ბოლიდმა სახელით F105, მხოლოდ ტესტებში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონატში გამოსვლა უსახსრობის გამო ვერ შეძლო. მაგრამ ამის მიუხედავად, „დოუმ ქარზმა“ გააგრძელა მუშაობა, ოღონდ სხვა სერიებში და აზიური ლე მანის სერიაში საკმაოდ პოპულარულიც გახდა.

No comments:

Post a Comment