20 სექტემბერი
ტურინგის კლასის ევროპის თასის (ETCC) მეხუთე
ეტაპი, რომელიც ბელგიის ცოლდერზე ჩატარდა, დათა ქაჯაიასთვის ერთ-ერთი გამორჩეული
გამოდგა. მართალია, პირველი რვა რბოლის მომგებ ქართველს ამჯერად ორიდან არცერთი
რბოლა არ მოუგია, მაგრამ ამის მიზეზი ტექნიკა გახდა. ამის მიუხედავად, თავის კლასში
(TC2T) ის მაინც დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს.
დათამ კვალიფიკაცია აბსოლუტურ ჩათვლაში მოიგო და
პირველი რბოლაც პოულიდან დაიწყო. მან ადვილად შეინარჩუნა პირველობა და ათი წრის
განმავლობაში, პელოტონის სათავეში იმყოფებოდა, მაგრამ ფინიშამდე სამი წრით ადრე, როცა
უახლოეს მდევარს, სლოვაკ მატ’ო ჰომოლას ხუთ წამს უგებდა, მის „ბეემვე 320 TC -ს“ ნახევარ
ღერძი დაუზიანდა და დათა იძულებული გახდა, ტემპი დაეგდო და მას რამდენიმე მეტოქემ
გაასწრო. საბოლოოდ, ის აბსოლუტურში მეათე ადგილს დასჯერდა. მაგრამ მთავარია, რომ
ფინიშს მიაღწია და თავის კლასში მესამე ადგილი დაიკავა.
მეორე რბოლა დათამ კარგად დაიწყო და მეექვსე წრეზე,
მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში, იმავე ჰომოლას „სეატს“ გაასწრო, რომელიც თავის
მხრივ, არც კი ცდილობდა მის წინ მიმავალი პეტრ ფულინის გასწრებას. მაგრამ იქვე ქაჯაიას
მეტოქის „სეატი“ ბორბალში დაეჯახა, რამაც საკიდარი დაუზიანა. დათას თქმით, მანქანა
უმართავი გახდა ამიტომ, ის ტრასის მიღმა აღმოჩნდა. მან რამდენიმე ადგილი დაკარგა
და საბოლოოდ, რბოლა მე-9 ადგილზე დაასრულა. თავის კლასში კი მეორე ადგილი დაიკავა.
ბოლო ეტაპის წინ, TC2T კლასში დათას 109 ქულა აქვს და 33 და 36 ქულას
უგებს თურქებს - აიტეკ ბიტერსა და ულკუ უმიტს, რომლებმაც ცოლდერზე თითო გამარჯვება
მოიპოვეს. საერთოდ, გამარჯვებისთვის 10 ქულა იწერება, პოულისთვის კი - 3. ამგვარად,
ერთ ეტაპზე მაქსიმუმ 26 ქულის აღებაა შესაძლებელი, მაგრამ ETCC-ში ბოლო ეტაპზე
ორმაგი ქულები იწერება. რაც თურქ მრბოლებს, ტიტულის მოპოვების თეორიულ შანსს
აძლევს. ოღონდ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქართველი ორიდან
ვერცერთ რბოლას ვერ დაასრულებს და ვერც კვალიფიკაციაში შეძლებს ქულების აღებას,
რაც მხოლოდ წარმოუდგენელი უიღბლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
სერიის ბოლო რბოლა იტალიის ენა პერგუზას ტრეკზე, 10-11
ოქტომბერს გაიმართება.
No comments:
Post a Comment