2 მაისი
დავით ქაჯაიამ ტურინგის ავტომობილების ევროპის თასზე
თავისი პირველი გამოსვლა პატარა გამარჯვებით დაიწყო - ბუდაპეშტის ჰუნგარორინგზე,
სადაც სერიის პირველი ეტაპი ტარდება, თავის კლასში (სუპერ 2000 TC2T) პოულ პოზიცია
მოიპოვა. აბსოლუტურ ჩათვლაში კი, სადაც ესპანურ კომპანია „სეატის“ მონო კლასის მონაწილენი
დომინირებენ, მე-6 დრო აჩვენა.
ქართველი მრბოლი გერმანულ გუნდ „ენგსტლერ
მოტორშპორტის“ „ბეემვე E90 320-ით“ ასპარეზობს, რომელიც 2.0-ლიტრიანი ტურბო
ძრავითაა აღჭურვილი. თუმცა, „სეატ ლეონის“ ძრავის სიმძლავრე 20 ცხენის ძალით
მეტია. გარდა ამისა, ესპანური ავტომობილები უფრო ფართო საბურავებით და მძლავრი
მუხრუჭებით არის აღჭურვილი. და გასაკვირი არაა, რომ მოწინავე ხუთი პოზიცია სწორედ ამ
კლასში მოასპარეზე პილოტებმა დაიკავეს.
გარდა ამისა, წვიმიან რბოლაში, დათას მშრალი ამინდისთვის
მომზადებული ავტომობილით ასპარეზობამ მოუწია - როგორც ჩანს, გუნდში ჩათვალეს, რომ
რბოლა მშრალ ამინდში გაიმართებოდა. დათას თქმით, შესაბამისად მომართული
ავტომობილით, უკეთესი დროის ჩვენება შეეძლო. ისე კი, ავტომობილით კმაყოფილი დარჩა.
უნგრულ
ეტაპზე, სერიის სპორტული რეგლამენტის შესაბამისად, ორი რბოლა ჩატარდება. ორივე
ხვალ გაიმართება. პირველ რბოლაში სტარტს მოძრაობისას მისცემენ და მის მასზე
პილოტები კვალიფიკაციაზე დაკავებული ადგილების შესაბამისად განლაგდებიან. მეორე
რბოლა კი ადგილიდან სტარტით დაიწყება და მასზე პილოტები პირველი რბოლის შედეგების
შესაბამისად დაიკავებენ ადგილებს. ოღონდ, რვა საუკეთესო რევერსულად დადგება - გამარჯვებულს
მერვე ადგილი ერგება და ასე შემდეგ.
No comments:
Post a Comment