Mercedes
offered to cover half of German GP losses
22 მარტი
გერმანული
კომპანია მზად იყო, გერმანიის დიდი პრიზის გამართვის შემთხვევაში, მისი ზარალის ნახევარი
საკუთარ თავზე აეღო. მაგრამ ჰოკენჰაიმრინგის და ნურბურგრინგის ახალმა მფლობელებმა
რბოლის ჩატარებისგან მაინც თავი შეიკავეს. უფრო სწორედ, მათ ფ1-ის პრომოუტერ ბერნი
ეკლსტოუნთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
წელს
გერმანული ეტაპის მასპინძლობის ჯერი ნურბურგრინგზე იყო, მაგრამ მას მფლობელი
გამოეცვალა, ახალმა მფლობელმა კი ფ1-ის რბოლის ჩატარებაზე უარი თქვა. მოგვიანებით,
ბერნიმ მოლაპარაკება ჰოკენჰაიმრინგის მფლობელებთან დაიწყო, რომლებსაც თითქოს საწინააღმდეგო
არაფერი ჰქონდათ, მაგრამ ბოლოს დაიწუწუნეს, ახლა ამაზე ლაპარაკი გვიანია, რადგან
ბილეთების გაყიდვას და სხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას ვერ მოვასწრებთო.
არადა, „ჩვენ
რაც შეგვიძლია, დახმარებას ვეცდებით, რადგან გერმანიის დიდი პრიზი ჩვენთვის მნიშვნელოვანია“,
- განაცხადა „მერსედესის“ ფ1-ის გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა. „ობსერვერმა“ დაწერა,
რომ „მერსედესი“ არამხოლოდ ზარალის ნახევარის დაფინანსებას კისრულობდა, არამედ
რბოლის პრომოუშენში დახმარებასაც თავის თავზე აიღებდა.
„პრინციპში, ჩემპიონატის
მონაწილე გუნდების საქმე არაა ცალკეული შეჯიბრების ფინანსური მხარდაჭერა და ჩვენი
აზრით, ეს მომავლისთვის მდგრადი მოდელი ვერ იქნება. მაგრამ იმავდროულად, გერმანიის
დიდი პრიზი, ფორმულა ერთის კალენდარში ერთ-ერთი ძირითადია. ჩვენ კი ამ რბოლისადმი მნიშვნელოვანი
ინტერესი გვაქვს. „მერსედეს-ბენცი“ ამ მოლაპარაკებებში ჩართული იყო და ჰოკენჰაიმრინგზე
წარმატებული რბოლის ჩატარებაში მონაწილეობას აპირებდა. მაგრამ სამწუხაროდ, ეს
შეთავაზება არ მიიღეს“, - ამბობს გერმანული კომპანიის წარმომადგენელი.
No comments:
Post a Comment