დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 14, 2015

ჩემპიონმა პოულით დაიწყო

Motor racing-Hamilton takes pole for Mercedes in Australia
14 მარტი
„მერსედესის“ პილოტებს რომ კონკურენტი არც ამჯერად ეყოლებათ, ეს თავისუფალი პრაქტიკების დროსაც გამოჩნდა. მაგრამ თუ კვალიფიკაციაზე მათ 0.594 წამი - ნამდვილი უფსკრული დააშორებდა, ამას ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა. მითუმეტეს, გასულ სეზონში ნიკო როსბერგი ლუის ჰამილტონს კვალიფიკაციაზე უფრო ხშირად სჯობნიდა, ვიდრე რბოლაში. მოკლედ, მსოფლიოს ჩემპიონმა თავის კარიერაში 39-ე პოული მოიპოვა.
„ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი მანქანაა ჩემს განკარგულებაში. კვალიფიკაციისას მან დიდი სიამოვნება მომანიჭა“, - განცხადა ჰამილტონმა, ვისაც თითქმის წამნახევრით ჩამოიტოვა მესამე ადგილზე გასული ფელიპე მასა. ბრაზილიელის თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი, ვინც მასას გასულ სეზონში ხშირად სჯობდა, ამჯერად მე-6 ადგილს დასჯერდა და როგორც გაირკვა, უკეთესი შედეგის ჩვენებაში ხელი ზურგის ტკივილმა შეუშალა.
კვალიფიკაციის პირველი სექტორის გავლაც კი ვერ შეძლეს „მაკლარენის“ პილოტებმა, რაც მოსალოდნელიც იყო - მათ სეზონისთვის მზადების პროცესში, ტესტებზე ყველაზე ნაკლები მანძილი გაიარეს. ჯენსონ ბატონმა ნარბოლევს განაცხადა, რომ გუნდი ჯერაც სატესტო რეჟიმში იმყოფება და ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო.
მე-7 დრო ჰქონდა დანიელ რიკარდოს, ვინც კვალიფიკაციის პირველივე კილომეტრების შემდეგ დაიჩივლა, რომ სიმძლავრე არ ჰყოფნიდა. მასზე წინ დადგებიან სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი.
თავის სადებიუტო კვალიფიკაციაზე მე-8 დროით სახელა თავი „ტორო როსოს“ ახალბედა კარლოს საინს უმცროსმა, ვინც რიკარდოს 0.2 წამზე ნაკლებით ჩამორჩა. ათეულში ვერ შევიდა მისი ასევე ახალბედა თანაგუნდელი მაქს ფერსტაპენი, ვინც მეათე შედეგის მქონე „ლოტუსის“ პასტორ მალდონადოს 0.142 წამით ჩამორჩა. ასევე კარგად იასპარეზა კიდევ ერთმა დებიუტანტმა, „ზაუბერის“ ფელიპე ნასრმა, ვისაც მე-11 დრო ჰქონდა, ვენესუელლ მრბოლზე 0.074 წამით უარესი დრო აჩვენა.
ტრასაზე საერთოდ არ გამოსულან „მენორის“ პილოტები. გუნდმა ავსტრალიაში ჩასვლა კი შეძლო, მაგრამ მანქანების „ჭკუაზე მოყვანა“ ვერ მოასწრო და ახლა იმის იმედზეა, რომ ამას მალაიზიის ეტაპისთვის მაინც შეძლებს.

ავსტრალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:26.327
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:26.921
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:27.718
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:27.757
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:27.790
6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:28.087
7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:28.329
8. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო)   1:28.510
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:28.560
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:29.480
- - - - - - - - - -
11. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:28.800
12. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1:28.868
13. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                      1:29.070
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:29.208
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:29.209
- - - - - - - - - -
16. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:31.376
17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:31.422
18. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       1:32.037
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      დროის გარეშე
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          დროის გარეშე

No comments:

Post a Comment