Alpine Vision Gran Turismo Video Game Racer
Officially Unveiled
1 თებერვალი
ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმო 6-ის“ ფერხულში „რენოც“
ოფიციალურად ჩაერთო. ფრანგულმა კომპანიამ ამ თამაშისთვის სპეციალურად შექმნილი ვირტუალური
ავტომობილი, „ალპინ ვიჟნ GT“ გაგვაცნო, რომელიც ბრენდ „ალპინის“ 60 წლის
იუბილეს მიუძღვნა. ვირტუალური ფორმის გარდა, ავტომობილი მასშტაბური მოდელის
სახითაც შეიქმნა და პარიზის საერთაშორისო საავტომობილო ფესტივალზე გამოიფინა.
„ალპინის“ ვირტუალურ სარბოლო ავტომობილს ბარკეტას
ტიპის ძარა აქვს. მისი ავტორების თქმით, გარეგნულად მას ბევრი საერთო აქვს სარბოლო
ტექნიკის წარსულთან, აწმყოსა და მომავალთანაც კი. ბაკეტას ტიპის ძარის არჩევისას, დიზაინერებმა
შთაგონების წყაროდ სარბოლო ღია პროტოტიპ (LMP2 კლასი) „ალპინ A450-ის“ ფორმები
გამოიყენეს, რომელმაც შარშან ლე მანზე იასპარეზა.
ვირტუალური ავტომობილის წინა ნაწილი კლასიკურ „ალპინ
A110-ის“ შესაბამის ელემენტს ჰგავს, უკნიდან კი ის ასევე კლასიკურ სარბოლო
ავტომობილებს - A210-ს და A220-ს მოგაგონებთ. კაპოტი V-ს ფორმისაა. მის ორივე
ბოლოში შუქდიოდური ელემენტებით შედგენილი უკანა ფარები აბოლოებს. ავტომობილი
ერთადგილიანია. პილოტის კოკპიტი ღიაა, მეორე მხარეს არსებული ადგილი კი დაფარულია.
ასეთი სქემა ერთ დროს სარბოლო პროტოტიპებში გამოიყენებოდა.
ავტომობილი აეროდინამიკურადაც დახვეწილია.
ყურადღებას იმსახურებს წინა სპლიტერი, რომელიც ჰაერის ნაკადს, ორივე კიდეში
არსებულ ზორბა ჰაეწრსადინარებისკენ მიმართავს. საბოლოოდ, აქედან შეკრებილი ჰაერის
ჭავლი, უკანა ნაწილში არსებულ, ასევე დიდი ზომის სადინარებში გაივლის. უკანა ნაწილშივე
მოთავსდა ეგრეთ წოდებული აეროდინამიკური მუხრუჭები.
ვირტუალურ ავტომობილს, 4.5-ლიტრიანი V8 ძრავი
ემსახურება, რომელიც ბაზაში, კაბინის უკანაა განლაგებული. მისი სიმძლავრე 450 ცხენის
ძალაა (6 500 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 580 ნიუტონმეტრი (2 000
ბრ/წთ-ზე). ძრავთან წყვილში 7-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი
მუშაობს, რომელიც უკანა ბორბლებს უკავშირდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 320
კმ/სთ-ს აღწევს.
როგორც
ბრენდ „ალპინის“ დიზაინის დირექტორი ანტონი ვილენი ამბობს, „ალპინ ვიჟნ GT-ს“
გარეგნობაში, „ალპინის“ მომავალი ავტომობილების სტილის ელემენტებია გამოყენებული. მას
არ დაუზუსტებია, რა ელემენტებს გულისხმობს. სამაგიეროდ დაადასტურა, რომ მისი
კომპანია პირველ ავტომობილს 2016 წელს გამოუშვებს.
No comments:
Post a Comment