2015 Ford Escort Boosts China Sales Almost 20% in
January
28 თებერვალი
მსოფლიოს უდიდესი ავტოკომპანიების უმეტესობისთვის,
ჩინური ბაზარი უზარმაზარი მოგების მიღების საშუალებაა, ბევრისთვის კი უბრალოდ,
გადარჩენის იმედი, რადგან იქ შეიძება იმაზე მეტი ავტომობილი გაჰყიდოს, ვიდრე
დანარჩენ მსოფლიოში ჰყიდის. „ფორდი“ პირველთა რიცხვშია და ცისქვეშეთში სულ უფრო
მეტად აქტიურობს. და როგორც გაირკვა, შარშან იქ გადადგმული ერთი, თითქოს რიგითი ნაბიჯი,
ძალიან წარმატებული გამოდგა.
ეს ერთი ნაბიჯი, ჩინეთისთვის სახელ „ესკორტის“
აღდგენა და ამ სახელით, კომპაქტური მოდელის გამოშვება იყო. ეს სახელი ცისფერი
ოვალის საწარმოო პროგრამაში 2002 წელს „ფოკუსმა“ შეცვალა. ახლა კი, ჩინეთში
გამოჩენიდან პირველივე წელს, გაყიდვების ბუმი აქვს. მისი საბაზო ფასი 90 000
იუანია (14 715 დოლარი), ანუ სედანი თითქმის იმდენივე ღირს, რამდენიც მასზე პატარა
„ფიესტა“.
2015 წლის იანვარში, ამერიკულმა კომპანიამ და მისმა
ჩინელმა პარტნიორმა, ქვეყნის მასშტაბით, სულ 112 599 ცალი „ესკორტი“ გაჰყიდეს, რაც
წინა თვის გაყიდვებზე 19 პროცენტით მეტია. ჩინეთში „ესკორტი“ ოთხი ვერსიის სახით
იყიდება. ყველა მათგანს რადიატორის ექვსკუთხა ცხაურით გამოარჩევთ, რომელიც მან „ფიუჟენისგან“
მიიღო. თუმცა გარეგნულად ის უფრო მეორე თაობის სედან „ფოკუსს“ მოგაგონებთ.
„ესკორტის“ სტანდარტული ვერსია 1.5-ლიტრიანი
ატმოსფერული ძრავითაა აღჭურვილი, რომელთანაც წყვილში 5-საფეხურიანი მექანიკური
გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ამასთან, ავტომობილი 15-დუიმიან ბორბლებზე დგას,
რომლებიც 195/65 R15 ზომის საბურავებითაა შემოსილი. უფრო მაღალი კლასის „ესკორტ
კომფორტ ავტომატიკის“ აღჭურვილობაში შედის 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი. ზემოთ
ნახსენები ძრავი 115 ცხენის ძალას და 142 ნიუტონმეტრს იძლევა. ამ მონაცემების
ძრავით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 12.0 წამში შეუძლია.
საინტერესოა,
რომ „ბიუიკისგან“ და „პეჟოსგან“ განსხვავებით, „ფორდის“ შინაური გაყიდვები ჩინურს
აღემატება, თუმცა მათ შორის განსხვავება სულ უფრო მცირდება. კერძოდ, ცისფერმა
ოვალმა შტატებში იანვარში 178 351 ავტომობილი გაჰყიდა.
No comments:
Post a Comment