Jaguar Land Rover follows peers into 4-cyl. engines
31 იანვარი
მცირელიტრაჟიანი, ოთხცილინდრიანი და უფრო პატარა
ძრავების წარმოება, პრემიუმ კომპანიებშიც თანდათან სულ უფრო მეტად ღებულობს ტრენდის
სახეს. და ამ ტრენდს, სხვებთან ერთად, „იაგუარ ლენდ როვერიც“ წარმატებით მისდევს.
ბრიტანულმა კომპანიამ ნახევარი მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია მოახმარა
სრულიად ახალი ქარხნის მშენებლობას, სადაც სერია ინჯენიუმის ოთხცილინდრიან, 2.0-ლიტრიან
ტურბო ძრავებს გამოუშვებს.
როგორც „იაგუარ ლენდ როვერის“ ჩრდილოამერიკული შტოს
პრეზიდენტმა ჯოი ებერჰარდტმა, გამოცემა „ავტომოტივ ნიუსის“ მსოფლიო კონგრესზე განაცხადა,
ასეთი ტურბო ძრავები, მისივე კომპანიის გაცილებით დიდ აგრეგატებთან შედარებით, გაზრდილი სიმძლავრითაც გამოირჩევა და საწვავის
შემცირებული ხარჯითაც.
უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ პრემიუმ ავტომობილების
ბევრი მომხმარებელი, სულაც არ დარდობს იმაზე, თუ რა ტიპის ძრავი ანიჭებს მის
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას. აქვს მას ექვსი, რვა ცილინდრი, თუ ნაკლები და ამის
წყალობით, ნაკლებ დროს კარგავს საწვავის შევსებაზე. „თანამედროვე მომხმარებელს
უფრო მეტად სიმძლავრე აინტერესებს და არა ის ტექნოლოგიები, რაც მისი ავტომობილის
კაპოტის ქვეშაა მოთავსებული“, - ამბობს ებერჰარდტი.
ძრავების ახალი ქარხანა მალე დაიწყებს ბენზინის და
დიზელის 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავების წარმოებას, რომლებითაც პირველ რიგში, „იაგუარის“
უახლესი კომპაქტური სედანი XE და „ლენდ როვერის“ ორი ავტომობილი - „დისქავერი
სპორტი“ და „რეინჯ როვერ ევოუკი“აღიჭურვება. „რეინჯ როვერზე“ კი მალე ამავე სერიის
3.0-ლიტრიან V6 ტურბო დიზელს დააყენებენ.
ებერჰარდტი დასძენს, რომ „იაგუარიც“ და „ლენდ
როვერიც“ ფაქტობრივად თავიდან დაიბადნენ ინდური „ტატას“ ხელში: „ჩვენ არ გვიწევს
რვა, ცხრა ბრენდის მომავალზე ზრუნვა და მხოლოდ ორზე ვართ ფოკუსირებულნი“. ის „ფოლკსვაგენის“
ჯგუფს და „ფორდს“ გულისხმობს, რომელთაგან პირველში სწორედ ცხრა კომპანიაა გაერთიანებული.
მეორეს კი, სანამ „ტატა“ შეისყიდდა, ორივე ბრიტანული კომპანია ეკუთვნოდა და მის ჯგუფში
ასევე „ასტონ მარტინი“ და „ვოლვოც“ შედიოდა.
No comments:
Post a Comment